2017 წლის 16 დეკემბერს, NASA-ს 1$ მილიარდად ღირებულმა კოსმოსურმა ხომალდმა „ჯუნომ“ მეათეჯერ შემოუარა იუპიტერს.
ყოველ 53 დღეში ერთხელ, ზონდი შედარებით ახლოს მიდის გაზის გიგანტ პლანეტასთან და თავის ინსტრუმენტ JunoCam-ით ახალ ფოტოებს უღებს. რობოტი იუპიტერის გარშემო 209 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.
სურათების მიღებას დედამიწაზე დღეები ან კვირები სჭირდება, მაგრამ ლოდინი ნამდვილად ღირს. ფოტოების ახალი სერია ასახავს უთვალავ მორევს, მოჩვენებათა მსგავს ღრუბლებსა და შტორმებს.
NASA-მ და სამხრეთ-დასავლეთის კვლევითმა ინსტიტუტმა ნედლი ფოტომასალა თავიანთ ვებგვერდებზე დეკემბრის ბოლოს ატვირთეს. მას შემდეგ, სურათები მრავალმა ადამიანმა დაამუშავა.
„ულამაზესი პლანეტაა რაც კი შეიძლება იყოს, მაგრამ რაც უფრო ახლოს მიდიხარ, იუპიტერი მით უფრო მომხიბვლელი ხდება“, — აღნიშნავს ბრიტანელი გრაფიკოსი სინ დორანი, რომელიც რეგულარულად ამუშავებს NASA-ს ფოტოებს.
წარმოგიდგენთ დორანისა და ხომალდის სხვა თაყვანისმცემელთა მიერ დამუშავებულ საუკეთესო ახალ ფოტოებსა და ანიმაციებს.
NASA-მ ჯუნო 2011 წელს გაუშვა. ხუთი წლის შემდეგ, 2016 წლის 5 ივლისს, ხომალდმა პლანეტას მიაღწია და მის ორბიტაზე გავიდა. მას შემდეგ, ჯუნო აქტიურად იკვლევს მზის სისტემის უძველეს და ყველაზე დიდ პლანეტასა და მის სისტემას.
ჯუნო იუპიტერს გარს უვლის საკმაოდ შორიდან, რათა თავიდან აიცილოს პლანეტის უმძლავრესი რადიაციული ველისგან მომდინარე საფრთხეები.
ეს ხომალდი ერთადერთია, რომელმაც იუპიტერის პოლუსებს თავზე გადაიფრინა.
მკვლევრები ცდილობენ გაარკვიონ გაზის გიგანტის პოლარულ ღრუბელთა მორევის ზოგადი სურათი, როგორიც მაგალითად ესაა:
პლანეტის ღრუბელთა მრავალი ჯგუფი ასევე დიდი სამეცნიერო გამოცანაა.
იუპიტერზე შემჩნეული ზოგიერთი შტორმი დედამიწის დიამეტრზე გაცილებით დიდია.
ჯუნოს მიერ გამოგზავნილ ფოტოთა სრული სერია ასე გამოიყურება:
ზოგიერთმა გრაფიკოსმა მათგან ე. წ. ტაიმლეპსიც ააწყო.
NASA-ს გეგმების მიხედვით, ჯუნო კიდევ რამდენიმე წელიწადს იფრენს იუპიტერის გარშემო და შეისწავლის გაზის გიგანტს.
ამის შემდეგ, კოსმოსური სააგენტო ხომალდს მიზანმიმართულად გაანადგრებს, „კასინის“ მსგავსად, რათა თავიდან აიცილოს ხომალდის შემთხვევითი შეჯახება იუპიტერის მთვარე ევროპასთან, რომელსაც ზედაპირქვეშა ოკეანე გააჩნია, სადაც შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლეც ყვაოდეს; შეჯახების შემთხვევაში, ჯუნომ შეიძლება ეს მთვარე დედამიწისეული მიკრობებით დააბინძუროს.
იუპიტერის ყუნულოვან მთვარეს ეს ფოტო 1990-იან წლებში NASA-ს ხომალდმა „გალილეომ“ გადაუღო.