ჯუჯა გალაქტიკებში აღმოჩენილია ერთმანეთთან შეჯახების გზაზე მყოფი შავი ხვრელები – პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
18:22, 24.02.2023
პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა შენიშნეს ჯუჯა გალაქტიკის წყვილი, რომელთა გიგანტური შავი ხვრელებიც ერთმანეთთან შეჯახების გზას ადგანან. უფრო მეტიც, მათ არა მხოლოდ ერთი წყვილი, არამედ ორი იპოვეს.
ერთმანეთთან შერწყმის პროცესში მყოფ ჯუჯა გალაქტიკათა პირველი წყვილი გროვა Abell 133-ში მდებარეობს, ჩვენგან დაახლოებით 760 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, მეორე კი გალაქტიკათგროვა Abell 1758S-ში, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 3,2 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული.
მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ეს აღმოჩენა და მასზე ჩასატარებელი სამომავლო კვლევები ფარდას ახდის ძლიერ ადრეული სამყაროს ზოგიერთ საიდუმლოს — იმ პერიოდის, როდესაც შავი ხვრელების მქონე, ერთმანეთთან შეჯახების გზაზე მდგარი ასეთი ჯუჯა გალაქტიკები გაცილებით ბევრი არსებობდა.
„შედარებით ახლოს მყოფ დიდ გალაქტიკებში ასტრონომებს შეჯახების გზაზე მდგარი მრავალი შავი ხვრელი აქვთ აღმოჩენილი, მაგრამ გაცილებით რთულია მათი ძებნა ჯუჯა გალაქტიკებში და ამ დრომდე, ეს საქმე სულ წარუმატებლად სრულდებოდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ალაბამის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი მარკო მიჩიჩი.
ასეთ დაკვირვებათა წარმოება რთულია, რადგან პატარა ზომების გამო, ამ გალაქტიკების სინათლის ხელწერის დანახვა ურთულესია. ამ გალაქტიკებში არსებულ ვარსკვლავთა საერთი მასა 3 მილიარდი მზის მასაზე ნაკლებია — მაშინ, როცა ჩვენი ირმის ნახტომის ვარსკვლავთა მასა დაახლოებით 60 მილიარდი მზისას უდრის.
ამ აღმოჩენამდე მკვლევრები მრავალი სხვადასხვა ტელესკოპის მონაცემთა კომბინირების შედეგად მივიდნენ: რენტგენული მონაცემები ჩანდრასგან, ინფრაწითელი მონაცემები WISE-ისგან, ოპტიკური მონაცემები კანადა-საფრანგეთის ჰავაის ტელესკოპიდან. გადამწყვეტი იყო რენტგენული მონაცემები, რომელსაც შავ ხვრელთა წყვილების უფრო დიდი სიგნალები ჰქონდა დაჭერილი.
როგორც ჩანს, Abell 133-ის შერწყმა გაცილებით შორს არის წასული, იმდენად შორს, რომ ამ ორ ობიექტს მეცნიერებმა ერთი სახელი, „მირაბილისი“ უწოდეს. მირაბილისი კოლიბრის გადაშენების პირას მყოფი სახეობაა, რომელსაც ძალიან გრძელი კუდი აქვს — სწორედ მას მიამსგავსეს ასტრონომებმა შეჯახების შედეგად ამ წყვილის გარშემო წარმოქმნილი გრძელი კუდი.
Abell 1758S-ის შემთხვევაში, ჯუჯა გალაქტიკები ასეთი მასშტაბით შეერთებული არ არის და მათ ორი სხვადასხვა სახელი უწოდეს: ელსტირი და ვინტეილი (მარსელ პრუსტის რომანის, „დაკარგული დროის ძიებაში“ პერსონაჟების მიხედვით). როგორც ჩანს, ეს გალაქტიკები და მათი შავი ხვრელები ამჟამად ერთმანეთთან დაკავშირებულია ვარსკვლავებისა და გაზის ხიდით და ჯერ კარგად შერწყმული არ არიან.
„ამ სისტემების, როგორც ადრეული სამყაროს ანალოგების გამოყენებით, შეგვიძლია პასუხები ვეძებოთ კითხვებზე პირველი გალაქტიკების, მათი შავი ხვრელების, ვარსკვლავთწარმოქმნისა და შეჯახების მიზეზების შესახებ“, — ამბობს ალაბამის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ოლივია ჰოლმსი.
მეცნიერთა გათვლებით, მილიარდობით წლის განმავლობაში, ეს პატარა, შეჯახების პროცესში მყოფი გალაქტიკები უფრო დიდ გალაქტიკებად გაერთიანდებიან (მათ შორის, ირმის ნახტომიც). მკვლევრები მათ „გალაქტიკურ წინაპრებს“ უწოდებენ.
ამ გალაქტიკებზე დაკვირვებით, შეიძლება იმის შესახებაც მივიღოთ მინიშნებები, თუ როგორ გაჩნდა ჩვენი გალაქტიკა და ჩამოყალიბდა ისეთად, როგორიც დღეს არის. ჩვენი მშობლიური გალაქტიკის შესახებ მრავალი ჯერ კიდევ გადაუჭრელი შეუსაბამობა არსებობს.
ამ ორმაგ აქტიურ გალაქტიკურ ბირთვს (DAGN) ასტრონომები გამალებით აკვირდებიან და დამატებით დეტალებსაც შეაგროვებენ. გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა სწრაფად იხვეწება ტელესკოპები და გამოსახულების ანალიზის ტექნოლოგიები.
„ამ ორ სისტემის შემდგომი დაკვირვებები იმ პროცესების შესწავლის საშუალებას მოგვცემს, რომლებიც გადამწყვეტია ახალგაზრდა გალაქტიკებისა და მათი შავი ხვრელების შესასწავლად“, — ამბობს ალაბამის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ჯიმი ირვინი.
კვლევა გამოსაქვეყნებლად მიიღო The Astrophysical Journal-მა, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია chandra.harvard.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.