ჯუანშერ ბურჭულაძე - ვაგრძელებთ ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებას
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ადგილობრივი წარმოებისა და სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მინისტრის განცხადებით, „დელტას“ მიერ წარმოებული 60-მდე „დიდგორის“ სხვადასხვა მოდიფიკაცია უკვე გადაეცა თავდაცვის ძალებს. მისივე თქმით, 2019 წლამდე „დელტას“ მიერ წარმოებული არცერთი შეჯავშნული მანქანა თავდაცვის ძალებს არ გააჩნდა.
როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს შეკვეთის ფარგლებში შეიქმნა საშტაბო-სამეთაურო ჯავშანმანქანები, რომელიც შემდგომში სამინისტროს გადაეცემა.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა „დელტას“ წარმადობის პროცესი და ამ ეტაპზე საწარმოს აქვს რესურსი, რომ თავდაცვის ძალებს მიაწოდოს 7 000 ერთეული ჯავშანჟილეტი, ასევე 7000 ერთეული ჩაფხუტი, რაც სრულად აკმაყოფილებს თავდაცვის ძალების მოთხოვნებს და ასევე, იძლევა კომერციული პროექტების დაწყების შესაძლებლობასაც.
ამასთან, მინისტრმა „დელტას“ ბაზაზე შექმნილი საწარმო „დელტა-ტექსტილზეც“ ისაუბრა, სადაც ამ ეტაპზე, დაახლოებით, 500 თანამშრომელია დასაქმებული.
„„დელტა ტექსტილის“ საწარმო სრულად ამარაგებს თავდაცვის ძალებს იმ პროდუქციით, რასაც აქამდე ვყიდულობდით. ჩვენ, როდესაც ეს საწარმო შევიძინეთ, ჯერ ერთობლივი საწარმოს ფორმატში და შემდეგ სრულად გამოვისყიდეთ, საწარმოში მუშაობდა დაახლოებით 120 ადამიანი, ისინი მუშაობდნენ სხვადასხვა კომერციულ პროექტებზე, ჩვენ დავიტოვეთ კომერციული პროექტებიც და ასევე, სრულად ვაკმაყოფილებთ თავდაცვის ძალების მოთხოვნას, რისთვისაც ჩვენ დაგვჭირდა 500-ზე მეტი თანამშრომელი, სწორედ 500-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს დასაქმებული ჩვენს საწარმოში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.