ჯუანშერ ბურჭულაძე - ქართულმა ჯარმა ავღანეთის მისიაში საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა როგორც მტკიცე და ძლიერი მეკავშირე
ქართულმა ჯარმა ავღანეთის მისიაში საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა როგორც მტკიცე და ძლიერი მეკავშირე, შესაბამისად, საქართველო, როგორც ღირსეული და პასუხისმგებლიანი პარტნიორი ქვეყანა, შეთანხმებული გრაფიკით, მის ქვედანაყოფებსაც გამოიყვანს ავღანეთიდან, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
„საქართველოს თავდაცვის ძალებმა, 2004 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა, რომ მის რიგებში საიმედო და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე სამხედროები არიან. თითოეულ ქართველს ეამაყება წლების მანძილზე ის შეფასებები, რაც ხშირად მოგვისმენია ნატოს მაღალი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირების მხრიდან. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ სამხედროს, რომელიც ამ მისიაში მონაწილეობდა და განსაკუთრებული პატივი მივაგო იმ დაღუპულ გმირ მეომრებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს გლობალურ უსაფრთხოებას და მშვიდობას.
საქართველოს თავდაცვის ძალები მუდამ მზად არის და მომავალშიც იქნება, მის პარტნიორებთან ერთად, განაგრძოს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა“,- აღნიშნავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის საბოლოოდ გამოსვლის პროცესი პირველ მაისს დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დასრულდება. ნატო-ს მოკავშირეები კი ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას პირველ მაისამდე დაიწყებენ.