ნატო-ს მოკავშირეები ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას პირველ მაისამდე დაიწყებენ
ნატო-ს მოკავშირეები ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას პირველ მაისამდე დაიწყებენ

ნატო-ს მოკავშირეები ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას პირველ მაისამდე დაიწყებენ. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მინისტერიალის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„იმის გათვალისწინებით და აღიარებით, რომ ავღანეთის წინაშე არსებული გამოწვევების სამხედრო გზით გადაჭრა არ არსებობს, მოკავშირეებმა დაადგინეს, რომ პირველ მაისამდე დავიწყებთ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ძალების გაყვანას. ეს იქნება მოწესრიგებული, კოორდინირებული და გამიზნული. ჩვენ ვგეგმავთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში დასრულდეს აშშ-ს და მტკიცე მხარდაჭერის მისიის ძალების სრულად გაყვანა. ამ გაყვანის დროს თალიბების ნებისმიერ თავდასხმას მოკავშირეთა ჯარებზე ძალისმიერი რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ ნატო განაგრძობს ავღანელების ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერას.

„მივესალმებით სტამბოლის კონფერენციას, როგორც სამშვიდობო პროცესის წინსვლისა და დოჰაში მიღწეული პროგრესის განმტკიცების შესაძლებლობას. მოვუწოდებთ ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს, დაიცვან თავიანთი ვალდებულებები სამშვიდობო პროცესის შესახებ, რომელიც დაიწყო აშშ – „თალიბანის“ შეთანხმებით და აშშ – ავღანეთის ერთობლივი დეკლარაციით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმადვე, ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები გააგრძელებენ ავღანეთის, მისი ხალხისა და მისი ინსტიტუტების გვერდით დგომას, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ბოლო 20 წლის მიღწევების შენარჩუნების მიზნით.

„ნატო-მ შეკრიბა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოალიცია ავღანეთში მსახურებისთვის. ჩვენი ჯარები ერთად წავიდნენ ავღანეთში, ჩვენ ერთად მოვერგეთ და ახლა ერთად ვტოვებთ. მადლიერი ვართ ყველასი, ვინც მსახურობდა და მხარს უჭერდა ამ მისიას, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ჩათვლით. ჩვენ პატივს ვცემთ მათ მსხვერპლს, ვინც ამ მსახურებაში ყველაზე მაღალი საზღაური გაიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.