ჯო ბაიდენი - ავღანეთიდან ამერიკული ჯარის საბოლოოდ გამოსვლის პროცესი პირველ მაისს დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დასრულდება
ჯო ბაიდენი - ავღანეთიდან ამერიკული ჯარის საბოლოოდ გამოსვლის პროცესი პირველ მაისს დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დასრულდება

ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის საბოლოოდ გამოსვლის პროცესი პირველ მაისს დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დასრულდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც დაასრულებს ყველაზე ხანგრძლივ ომს.

„მე მეოთხე პრეზიდენტი ვარ, რომელიც ავღანეთში ამერიკულ ჯარს ხელმძღვანელობს. ორი რესპუბლიკელი, ორი დემოკრატი, მე არ გადავცემ ამ პასუხისმგებლობას მეხუთეს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, მხოლოდ „მხოლოდ ავღანელებს აქვთ უფლება და პასუხისმგებლობა, გაუძღვნენ საკუთარ ქვეყანას“.

პრეზიდენტის თქმით, აშშ-მა ავღანეთში მის მიზანს 10 წლის წინ მიაღწია, როდესაც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია განხორციელდა, ამის შემდეგ კი, უკანასკნელ 10 წელში, ავღანეთში აშშ-ში დარჩენის მიზეზი სულ უფრო ბუნდოვანი გახდა.

„ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზანს. მე ვთქვი, რომ ჩვენ ოსამა ბინ ლადენს ჯოჯოხეთის კარამდე გავყვებოდით, თუ საჭირო იქნებოდა. სწორედ ასე მოვიქეცით და ავიყვანეთ.

ჩვენ აღვასრულეთ სამართალი ბინ ლადენის მიმართ 10 წლის წინ და მას შემდეგ ავღანეთში კიდევ 10 წელი დავრჩით. მას შემდეგ, ავღანეთში ჩვენი დარჩენის მიზეზი სულ უფრო ბუნდოვანი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტულმა საფრთხემ, რომელსაც ვებრძოდით, სახე იცვალა“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ავღანეთში არსებულ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ამერიკული კონტინგენტის გასვლის შემდეგ, ქვეყანაში ქალთა უფლებების მხარდასაჭერად ჰუმანიტარული და განვითარების კუთხით დახმარება გაგრძელდება.

„ჩვენ ვთხოვთ რეგიონში სხვა ქვეყნებს, გააკეთონ მეტი ავღანეთის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით პაკისტანს, ისევე როგორც რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთსა და თურქეთს. ისინი ყოველთვის სერიოზულად არიან დაინტერესებული ავღანეთის მომავლით. მომდევნო თვეების განმავლობაში, ჩვენ ასევე განვსაზღვრავთ, როგორი სახით იქნება ავღანეთში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენის თქმით, ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილებას ყველა არ ეთანხმება და მიაჩნიათ, რომ ამან შესაძლოა, სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს ავღანეთი და დაიკარგოს ქალთა და უმცირესობის უფლებები, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იყო მოპოვებული.

დატოვე კომენტარი