ჯუანშერ ბურჭულაძე - მარტო ერთი ორგანიზაციის მეშვეობით, წელს ჯარს თავი აარიდა 12 000-მა ადამიანმა, ვფიქრობ, ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ სავალდებულო სამსახურს ადამიანმა თავი მექანიკურად აარიდოს
ჯუანშერ ბურჭულაძე - მარტო ერთი ორგანიზაციის მეშვეობით, წელს ჯარს თავი აარიდა 12 000-მა ადამიანმა, ვფიქრობ, ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ სავალდებულო სამსახურს ადამიანმა თავი მექანიკურად აარიდოს

ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ჯარის პოპულარიზაციისთვის, რამაც ვიცით, სადამდე უნდა მიგვიყვანოს და რა შედეგი უნდა მოგვცეს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენი ჯარის პოპულარიზაცია არის საკითხი, სადაც მთელი საზოგადოება უნდა იყოს გაერთიანებული. მე ვერ წარმომიდგენია, ამ პროცესს ვინმე აზიანებდეს, ან ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ მასიური წინააღმდეგობა მიდის ამ პროცესის, არის ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა, ჯარში შუღლის ჩამოგდება და ა.შ. ჯარის პოპულარიზაცია ყველა ოჯახში უნდა შევიდეს, მნიშვნელობა არ აქვს, ოჯახი რამდენად გაჭირვებულია, ან მატერიალურად ძლიერი. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე ამას ვერ გავაკეთებთ რაღაც რადიკალური ნაბიჯების ხარჯზე. ეს გააზრებული გვაქვს და ამიტომ, პირველ ეტაპზე ძირითადი აქცენტი გაკეთებული იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის ჯარის გაცნობაზე. ჩვენ უნდა გავაცნოთ ჯარი საზოგადოებას და დავანგრიოთ ის კომუნისტური, თუ პოსტკომუნისტური სტერეოტიპი, რომ ჯარი არის ცუდი. ჩვენ ჯარში შევქმენით ის პირობები, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს მისაღები, ვგულისხმობ ყველა კომპონენტს და გვინდა, ეს გავხადოთ საინტერესო. ჯერ უნდა გავაცნოთ საზოგადოებას. საზოგადოებამ ჯერ უნდა გაიცნოს, მერე უნდა შეიყვაროს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის ის თავდაცვითი ამოცანები, რასაც ჩვენი სამხედრო სამსახურის და სარეზერვო ჯგუფის სახეცვლილმა ფორმამ უნდა უპასუხოს, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ჯარის პოპულარიზაცია არის საშუალება, რათა ქვეყანამ მიზანს მიაღწიოს, მიზანი კი უსაფრთხო გარემოს შექმნა, რისკების შემცირება და ისეთი ჯარის შექმნაა, რომელიც ბრძოლისუნარიანი იქნება და ნებისმიერი შემადგენლობის მოწინააღმდეგისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს.

„თავდაცვის კოდექსში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში შევა, ყველაზე მეტი დრო და ძალისხმევა ზუსტად ამ მიმართულებაზე, რეზერვის და წვევამდელთა სისტემის მოდერნიზაციაზე დავხარჯეთ. ჩვენ ავიღეთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, ბალტიისპირეთის ქვეყნების, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილებაა აქვთ და შეიძლება, მარტივად ინტეგრირდეს ჩვენთან, ყველა ასპექტის გათვალისწინებით; ავიღეთ ფინური მაგალითი და შვეიცარიის მაგალითი. შეიძლება, გარკვეულწილად, ჰიბრიდი გავაკეთოთ ამის, ჩვენი მენტალიტეტის, არსებული მდგომარეობის და მატერიალური საშუალებების გათვალისწინებით. ამ ძალისხმევას ძალიან მაღალი შედეგი მოჰყვა და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ამ დოკუმენტს მივიღებთ საკანონმდებლო დონეზე, რითაც, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი ათი-ოცი წელი უნდა იხელმძღვანელოს საქართველომ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ არ არის ჯარში მსახურება პოპულარული მაშინ, როდესაც ჯარის მიმართ საზოგადოების ნდობა ყოველთვის ძალიან მაღალია, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ეს განცალკევებული საკითხებია, თუმცა ამის გამოყენება შეიძლება ჯარის პოპულარიზაციისთვის, რადგან ინტუიციურ დონეზე ადამიანებს გააზრებული აქვთ, რა ღირებულება აქვს ჯარს.

მისი თქმით, დღეს ბევრი ლეგალური საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა ჯარს თავი აარიდოს, რაც ძალიან სამწუხაროა და ეს შეიცვლება.

„არის ერთი ორგანიზაცია, რომლის სახელი არც მინდა, დავასახელო, თუმცა მარტო ამ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით წელს ჯარს თავი აარიდა 12 000-მა ადამიანმა. ეს, რა თქმა უნდა, სხვა რისკებთან და საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული. ეს ხალხი ფაქტობრივად, შეიძლება, იყოს მართული რაღაც ძალის მიერ, რომელიც შეიძლება, იყოს გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ ამაზეც დავხარჯეთ ძალისხმევა და ვფიქრობ, ჩვენ ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ სავალდებულო სამსახურს ასე მექანიკურად აარიდოს თავი ადამიანმა. ჩვენ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ დღეს არ გვაქვს იმის რესურსი, რომ პოტენციურად რამდენი ადამიანიც შეიძლება, იყოს წვევამდელთა კატეგორიაში, დღეს ყველა გავიწვიოთ. ამის არც საშუალება გვაქვს და პრინციპში, ამ ეტაპზე ამის არც საჭიროება დგას, თუმცა უსამართლობას მაქსიმალურად შევამცირებთ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იქნება გაწვევის ალტერნატიული ვადები – ექვსი თვე, რვა, თერთმეტი და ასევე იქნება საშუალება, რომ პირმა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაიაროს სავალდებულო სამსახური.