ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ჯარში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ჯარში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს.

კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ 8 მაისს მიიღო.

კანონის თანახმად, მძიმე დანაშაულისთვის, კერძოდ, განზრახ მკვლელობის, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა მობილიზება შეუძლებელია; ასევე, მათი, ვინც სასჯელს იხდის ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

მობილიზებულთა ეს კატეგორია სპეციალურ დანაყოფებში იმსახურებს. ასეთ ადამიანებზე ადმინისტრაციულ ზედამხედველობას განახორციელებს იმ სამხედრო ნაწილის მეთაური, სადაც ისინი განთავსდებიან.

მობილიზაცია თავად პატიმრის თანხმობით უნდა მოხდეს, საჭიროა სამხედრო ნაწილის მეთაურის თანხმობა; პატიმრის ფსიქიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესაბამისობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის მოთხოვნებთან; ასევე, სამ წელზე მეტი დრო სასჯელის დასრულებამდე.