ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩემი და ჩემი უწყების წინააღმდეგ ორგანიზებულად იმართება დეზინფორმაციული კამპანია, რადიკალურად გამორჩეული ტელევიზიები ჯარის დისკრედიტაციას ეწევიან, ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის, ჯარის დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რასაც უწყება რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დეზინფორმაციები ვრცელდება ჯარიდან გადინებისა და ჯარისკაცების ფორმების ხარისხთან დაკავშირებით.
„ჯარის, ჩვენთან მიმდინარე რეფორმების დისკრედიტაციას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ. რადიკალურად გამორჩეულ ტელევიზიებს ბოლო ერთი თვის განმავლობაში სხვა საქმე აღარ აქვთ და ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის, ჯარის დისკრედიტაციას ეწევიან. მინდა, გამოვეხმაურო ორ საკითხს, ერთი არის ჯარიდან გადინების საკითხი, მეორე კი ჩვენი წარმოების მიერ შეკერილი, დამზადებული პროდუქციის ხარისხს ეხება.
მიმდინარე წელს 1 600 ადამიანი დაემატა საკონტრაქტოზე ჯარს. ეს არსებითად მაღალი მაჩვენებელია იმ რეკორდულ ციფრებთან მიმართებითაც კი, რაც დეკადების განმავლობაში ყოფილა. 1 600 ადამიანი მოვიდა და ზუსტად იმიტომ დაინტერესდა, რომ მათ იციან, როგორ ზრუნავს ჩვენი ხელისუფლება ჯარისკაცებზე, რა სოციალური და სხვა პირობები გვაქვს შექმნილი თავდაცვის უწყებაში. ასეთი ტენდენცია, შედეგი თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონია, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ოთხი წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, თავდაცვის სამინისტროზე განსაკუთრებულად ზრუნვა დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გრძელდება და სწორედ ამის შედეგია ის, რაც აღვნიშნე.
ასევე აბსურდული ბრალდებაა „ტექსტილის“ ხარისხთან დაკავშირებით. 50-ზე მეტი დასახელების საქონელი არის მოწოდებული და შექმნილი „დელტა ტექსტილის მიერ“. რა ხდებოდა აქამდე? 50 დასახელების საქონლიდან 20-ის მიღება გვიჭირდა, დანარჩენს კი, ხშირ შემთხვევაში, უხარისხოს ვიღებდით. ქსოვილთან დაკავშირებით ვითხოვდით მხოლოდ ლაბორატორიას და, საბოლოო ჯამში, ეს ხარისხის გარანტი არ იყო.
ამ მიმართულებით რა შედეგი გვაქვს, ყველაზე მარტივად დასანახია აღლუმებზე. ნებისმიერი წელი აიღეთ, არ ვგულისხმობ ბოლო ორ და სამ წელს, ნახეთ, აღლუმებზე როგორ უნიფორმებში დგანან ჩვენი სამხედროები. ასევე ნახეთ, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების პერიოდში, რა ფეხსაცმელი ეცვათ – გახუნებული ფეხსაცმელი, რომელსაც ძირი ძვრებოდა, ტანსაცმელი, რომელიც ერთ გარეცხვაში იყო გაცვეთილი. ბოდიში, მაგრამ ეს იყო შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩვენი ჯარისკაცების მიმართ. ახლა ნახეთ, როგორია ჩვენი ჯარისკაცების უნიფორმა, ჩაცმულობა. ასევე, მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს ძალიან ცოცხალი პროცესია. იცვლება ყოველდღიური, სააღლუმე ფორმები. კარვების, ზურგჩანთების და ყველა საგნის პრაქტიკაში ტესტირება გაცილებით დიდ შედეგს გვაძლევს. საბედნიეროდ, არიან ობიექტური მედიასაშუალებები, რომლებმაც გააშუქეს და კომენტარებს აკეთებდნენ თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები იმის შესახებ, რა იყო და რა გვაქვს დღეს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ასევე არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა თავდაცვის უწყებიდან დათხოვნილ თანამშრომლებთან დაკავშირებით.
„გაჟღერებული იყო, თითქოს თანამშრომელი დათხოვნილი იყო იმის გამო, რომ ხარისხის კონტროლი იწუნებდა კონკრეტულ ხარისხს, საქონელს. ესეც აბსურდია. სასამართლო დავა გადაწყდა შემდეგნაირად, რომ თავიდან გვემსჯელა. ჩვენ შტატი გადავაკეთეთ სამხედრო შტატად, რაც ერთ-ერთი პირობაა იმისა, რომ ხარისხის შემოწმების დროს უფრო მეტად ჩართული იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები. კონკრეტული თანამშრომელი უფრო დაკავებული იყო კანცელარიის საქმიანობით და ორი თანამშრომლიდან არჩევანი შევაჩერეთ იმ თანამშრომელზე, რომელიც უფრო გამოცდილია ხარისხის კონტროლში, მეტი კვალიფიკაცია აქვს. ეს საკითხიც იმ დეზინფორმაციისა და კამპანიის ნაწილია, რაც ორგანიზებულად იმართება ჩემი და ჩემი უწყების წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.