საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის ჩვენი ერის ერთიანობისა და სიამაყის დღესასწაული. ეს დღე გამოხატავს ჩვენი ხალხის გმირულ წარსულს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე ახსენებთ პასუხისმგებლობას, დაიცვან სამშობლო, მისი დამოუკიდებლობა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ სამშობლოს და მის თავისუფლებას.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის ჩვენი ერის ერთიანობის და სიამაყის დღესასწაული, ეს დღე გამოხატავს ჩვენი ხალხის გმირულ წარსულს, მის ისტორიას, დიდ კულტურას და იმ ღირებულებების ერთგულებას, რასაც ჩვენი მომავალი განვითარება ეფუძნება. დღევანდელი დღე ამასთანავე გვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, დავიცვათ სამშობლო, მისი დამოუკიდებლობა და ვიბრძოლოთ მისი წარმატებული მომავლისთვის. ამიტომ დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა პროფესიის, მრწამსისა და შეხედულების ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად თავისი შრომით აძლიერებენ საქართველოს და ქმნიან მის ევროპულ მომავალს. გზა ევროპისკენ ყოველთვის იყო ქართველთა საუკუნოვანი ოცნება, რადგან ჩვენი კულტურა თავისი არსით იყო ევროპული ფესვებიდან აღმოცენებული და მასზე გაზრდილი. ჩვენი ხალხის ნება ურყევი და მტკიცეა, ჩვენი ხალხი ვერასოდეს დაუპირისპირდება თავის ევროპულ იდენტობას. გზა ევროპისკენ არის მისი ღირებულებითი არჩევანი. ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და სამშობლოს სიყვარულით სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მიულოცა ჯარისკაცებს და ვეტერანებს.
„მინდა, ჩვენ ჯარისკაცებს და ვეტერანებს განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე. დამოუკიდებლობა ჩვენი გმირი მეომრების თავგანწირვაზე დგას, ქედს ვიხრი ყველა მათგანის ხსოვნის წინაშე, მათი თავდადების წინაშე, ვინც გმირულად დაიღუპა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლაში. მინდა, დღევანდელი დღე ასევე მივულოცო ჩვენი საზოგადოებისა და ჯარის მნიშვნელოვან, გამორჩეულ ნაწილს, ჩვენს დაჭრილ, დაშავებულ სამხედროებს, რომლებიც დღესაც ერთგულად და თავდადებულად აგრძელებენ ქვეყნის სამსახურს. მინდა, მივესალმო და დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს რეკრუტებს, რომლებმაც დადეს ფიცი და შეუერთდნენ თავდაცვის ძალებს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ღირსეულად ატარებთ ქართული ჯარის ფორმას და გააგრძელებთ ჩვენი წინაპრების მხედრულ ტრადიციებს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მისი თქმით, წარმატებული ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი საფუძველი ყოველთვის იყო ძლიერი ჯარი. ამასთან, ბურჭულაძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს მრავალწლიანი ძალისხმევისთვის, გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები.
„ჩვენი ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ წარმატებული ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი საფუძველი ყოველთვის იყო ძლიერი ჯარი. დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით ჩვენი ჯარი გააგრძელებს მზადყოფნის დონის ამაღლებას, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისთვის ღირსეული პასუხის გასაცემად. დღევანდელ დღეს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მინდა, მადლიერება გამოვხატო მათი მრავალწლიანი ძალისხმევისთვის, გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები და ჩვენი ჯარის მზადყოფნის დონე.
რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევები, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, არის იმ უკანონო პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიული ნაწილების ოკუპაციით დაიწყო. ამ რთულ დროს ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობისთვის ბრძოლის გაძლიერება. საქართველოს ევროპული პერსპექტივის დაჩქარება ჩვენს რეგიონში აუცილებლად მოიტანს მეტ მშვიდობასა და განვითარებას. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს დედა ეკლესიას, ჩვენი ჯარი და ეკლესია ყოველთვის გადამწყვეტ როლს ასრულებდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვასა და თუ მის აღდგენაში. მინდა, მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ჩვენი წინაპრები მრავალი საუკუნის განმავლობაში ერთად იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის სხვადასხვა დამპყრობლის წინააღმდეგ. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ თანამედროვე, განვითარებული სახელმწიფო, სადაც ჩვენი მოსახლეობა იცხოვრებს უსაფრთხო, ცივილურ გარემოში. გზა ევროპისკენ და ევროატლანტიკური სივრცისკენ ნიშნავს ძლიერ და სტაბილურ საქართველოს. ეს არის გზა უსაფრთხოებისკენ, კეთილდღეობისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისკენ. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ერთიანობას, გამარჯვებას, წარმატებას ვუსურვებ საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.