ჯოზეფ ბორელი - უკრაინელები მთელი სიმამაცით იბრძვიან, თუ გვინდა, წარმატებული იყვნენ, მათ უნდა მივაწოდოთ უკეთესი იარაღი, თანაც უფრო სწრაფად
ჯოზეფ ბორელი - უკრაინელები მთელი სიმამაცით იბრძვიან, თუ გვინდა, წარმატებული იყვნენ, მათ უნდა მივაწოდოთ უკეთესი იარაღი, თანაც უფრო სწრაფად

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს, გადახედონ გადაწყვეტილებას უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერების შესახებ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

კიევში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები გაოცებული არიან ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილებით და პირობა დადო, რომ 27 წევრი ევროპული ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ჩვენ ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. უკრაინელები მთელი სიმამაცით, შესაძლებლობებით იბრძვიან და თუ გვინდა, რომ წარმატებული იყვნენ, მაშინ მათ უნდა მივაწოდოთ უკეთესი იარაღი, თანაც უფრო სწრაფად“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ კონგრესის ნაბიჯი არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა დროებითი ბიუჯეტი, რომელშიც უკრაინის დახმარების საკითხი არ არის გათვალისწინებული.