ჯოზეფ ბორელი - არ შეიძლება, ნატო იყოს შერჩევითი სამხედრო ალიანსი, თუმცა არ ვაპირებ დროის ხარჯვას იმ სულელურ კომენტარებზე, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო კამპანიისას მოუვა ვინმეს თავში
ჯოზეფ ბორელი - არ შეიძლება, ნატო იყოს შერჩევითი სამხედრო ალიანსი, თუმცა არ ვაპირებ დროის ხარჯვას იმ სულელურ კომენტარებზე, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო კამპანიისას მოუვა ვინმეს თავში

ნატო არ შეიძლება იყოს a la carte (შერჩევითი) სამხედრო თავდაცვითი ალიანსი, რომელიც დამოკიდებული იქნება აშშ-ის პრეზიდენტის ახირებაზე, – ასე ეხმაურება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამონათქვამს, რომლის თქმითაც, აშშ-მა, შესაძლოა, არ დაიცვას ნატო-ს მოკავშირეები, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ საკუთარი თავდაცვისთვის, რუსეთის პოტენციური შეჭრისგან თავის დასაცავად.

„ნება მომეცით, ვიყო სარკასტული. ამ საარჩევნო კამპანიისას ჩვენ ვიხილავთ და მოვისმენთ უამრავ რამეს. მოდით, ვიყოთ სერიოზულები, ნატო არ შეიძლება იყოს a la carte სამხედრო ალიანსი, რომელიც მუშაობს იმის მიხედვით, თუ როგორი იუმორი აქვს პრეზიდენტს იმ დღეებში. ასე არ ხდება – დღეს კი, ხვალ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ ხარ. მოდით, ვიყოთ სერიოზულები. ნატო ვერ იქნება a la carte ალიანსი, ის არსებობს ან არ არსებობს, თუმცა მე არ ვაპირებ ჩემი დროის ხარჯვას იმ სულელურ კომენტარებზე, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო კამპანიისას მოუვა თავში ვინმეს“, – განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კაროლინაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი.