ჯოზეფ ბორელი - ისრაელმა უარი უნდა თქვას რაფაჰში სახმელეთო ოპერაციაზე, ევროკავშირმა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უნდა იმოქმედოს ასეთი სცენარის აღსაკვეთად
ჯოზეფ ბორელი - ისრაელმა უარი უნდა თქვას რაფაჰში სახმელეთო ოპერაციაზე, ევროკავშირმა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უნდა იმოქმედოს ასეთი სცენარის აღსაკვეთად

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი რაფაჰში ევაკუაციის გამოცხადებას დაუშვებლად მიიჩნევს.

ბორელის თქმით, ეს უფრო მეტი ომისა და შიმშილის მომასწავებელია.

„ისრაელმა უარი უნდა თქვას სახმელეთო ოპერაციაზე და შეასრულოს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს 2728 რეზოლუცია. ევროკავშირს, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, შეუძლია და უნდა იმოქმედოს ასეთი სცენარის აღსაკვეთად“, – წერს ბორელი.

ისრაელის სამხედროებმა რაფაჰის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფ პალესტინელებს ახლომდებარე „ჰუმანიტარულ ზონაში“ ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

„ისრაელის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ მუშაობას ომის მიზნების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია მათ განცხადებაში.