ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი ეჭვგარეშეა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი ეჭვგარეშეა.
არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში ბიზნესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ბუშმა აღნიშნა, რომ რუსეთის მონაწილეობა ამ პროცესში აშკარა იყო. თუმცა, ბუშის თქმით, არ იყო ცხადი, შეძლებდა თუ არა ეს ჩარევა არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას.
„მაგრამ მთავარი ისაა, რომ ისინი ჩაერივნენ და ეს საშიშია დემოკრატიისთვის“, – აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ასევე მოიქცა ცივი ომის დროს, როცა ცდილობდა აშშ-სა და ევროპაში განწყობებით მანიპულირებას.
„პუტინი გენიალური ტაქტიკოსია. მას აქვს უნარი მიაგნოს სისუსტეს და ააფეთქოს ის“, – განაცხადა ბუშმა.
კრემლმა ბრალდებები 2016 წლის აშშ-ს არჩევნებზე, ასევე სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის შესახებ არაერთხელ უარყო.