ჯონ სალივანი - რუსეთში ელჩად დანიშვნის დროს, დონალდ ტრამპმა დამავალა, ყველაფერი გავაკეთო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის
რუსეთში ელჩად დანიშვნის დროს, დონალდ ტრამპმა დამავალა, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის ახლად დანიშნულმა ელჩმა, ჯონ სალივანმა ტელეკომპანია „ერბეკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის ელჩის თქმით, აშშ-სა და რუსეთს რამდენიმე მიმართულება აქვთ, სადაც დღესაც თანამშრომლობენ. ჯონ სალივანმა მაგალითებად ტერორიზმთან ბრძოლა და ჩრდილოეთ კორეა დაასახელა.
რუსეთში აშშ-ის ახალმა ელჩმა, სამუშაოს დასაწყისში, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან შეხვედრების შესაძლებლობას, „კარგი ნიშანი“ უწოდა.
ჯონ სალივანი მოსკოვში 16 იანვარს ჩავიდა. 5 თებერვალს კი მან რწმუნებათა სიგელები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გადასცა. მანამდე, ჯონ სალივანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველ მოადგილედ მუშაობდა.