ჯონ მაკკეინი - ტერეზა მეის გადაწყვეტილება, ქიმიური იარაღით თავდასხმის გამო რუსეთს პასუხი აგებინოს, მნიშვნელოვანია
ჯონ მაკკეინი - ტერეზა მეის გადაწყვეტილება, ქიმიური იარაღით თავდასხმის გამო რუსეთს პასუხი აგებინოს, მნიშვნელოვანია

ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოკავშირეს გვერდით უნდა დაუდგეს და უზრუნველყოს ის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შემზარავი დანაშაულებისთვის პასუხი აგოს, – „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევეს.

„პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გადაწყვეტილება, პასუხი აგებინოს პუტინს სოლსბერიში ქიმიური იარაღით თავდასხმაზე, მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ განცხადება ჯონ მაკკეინმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, აუქმებს ბრიტანეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს და წყვეტს უმაღლეს დონეზე ყველა სახის კონტაქტს რუსეთის ხელისუფლებასთან.

12 მარტს ტერეზა მეიმ მოსკოვს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა და ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ახსნა-განმარტებების გაკეთება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით დაემუქრა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით, სკრიპალის მოწამვლაში რუსეთია დამნაშავე.

66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.