ჯონ კირბი - რუსეთი ირანისგან უპილოტო საფრენი აპარატების დამატებით შეძენას აპირებს
რუსეთი ირანისგან უპილოტო საფრენი აპარატების დამატებით შეძენას აპირებს, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი აშშ-ის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ირანი აგრძელებს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას. აგვისტოდან ირანმა რუსეთს 400-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდა, ძირითადად, „შაჰედის“ ტიპის“, – განაცხადა კირბიმ.
ჯონ კირბის თქმით, აღნიშნული დრონების დიდი ნაწილი რუსეთმა უკვე დახარჯა უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის.
ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ირანმა რუსეთს ასევე მიაწოდა არტილერია და საბრძოლო მასალები ტანკებისთვის.
კირბის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია გეგმავს ექსპორტის კონტროლის გამკაცრებას, რათა თავიდან აიცილოს შეიარაღების დასავლური კომპონენტების ირანში მოხვედრის შესაძლებლობა. როგორც კირბიმ აღნიშნა, იგეგმება ასევე სანქციების დაწესება ირანისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობაში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ.
თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთმა სამხედრო დახმარების თხოვნით არა მარტო ირანს, არამედ ჩრდილოეთ კორეასაც მიმართა. თეირანში აცხადებენ, რომ რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები ომის დაწყებამდე მიაწოდეს, მას შემდეგ კი არ მიუწოდებიათ. ჩრდილოეთ კორეა კი უარყოფს, რომ რუსეთს არტილერია მიაწოდა.