ჯონ კირბი - ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე მხოლოდ „ჰამასს“ მოუტანს სარგებელს
ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე მხოლოდ „ჰამასს“ მოუტანს სარგებელს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისივე თქმით, „ჰუმანიტარული პაუზები ინსტრუმენტებია დროის გარკვეული პერიოდებისთვის, თუმცა ეს იგივე არ არის, რაც ცეცხლის შეწყვეტა“.
როგორც კირბიმ განაცხადა, აშშ დაინტერესებულია, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს, თუმცა, მისივე თქმით, აშშ-ს ესმის ისრაელის შეშფოთება ღაზაში საწვავის დაშვებით „ჰამასის“ მიერ საწვავის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.
„ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ საწვავის ღაზის სექტორში დაშვებისკენ სწრაფვა. რა თქმა უნდა, გვესმის ისრაელის შეშფოთება „ჰამასის“ მიერ საწვავის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. გვესმის, რომ ეს არის ლეგიტიმური შეშფოთება“, – განაცხადა კირბიმ.
ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამერიკელების ღაზის სექტორიდან გამოსაყვანად.
„ჩვენ ვიცით, რომ ამერიკელები არიან იქ. ჩვენ ვიცით, რომ მათ უნდათ გამოსვლა და ძალიან ბევრს ვმუშაობთ მათი უსაფრთხო გამოყვანის გზის მოსაძებნად“, – განაცხადა კირბიმ.