ამერიკელი ჯონ ისნერი მაიამის „მასტერსის“ ჩემპიონი გახდა. მან ორი საათისა და 32 წუთის განმავლობაში ბრძოლის შემდეგ, სამ სეტში – 6:7(4), 6:4, 6:4 მოუგო გერმანელ ალექსანდრ ზვერევს.
ისნერი მთელი მატჩის განმავლობაში უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ ბრეიკპოინტების რეალიზების მხრივ ჰქონდა პრობლემები. პირველ სეტში ხუთი ასეთი შანსი ვერ გამოიყენა და ტაიბრეიკი წააგო.
მომდევნო ორი სეტი ერთნაირი სცენარით წარიმართა – ისნერი უპრობლემოდ ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას, ორივე პარტიის მეცხრე გეიმში კი ბრეიკი შეასრულა და შემდეგ, სეტზე და მატჩზე ჩააწოდა.
ამერიკელს 12 ბრეიკპოინტი ჰქონდა და ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, ზვერევმა კი სამი ასეთი შანსიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენა. ისნერმა 18 ეისი ჩააწოდა და პირველი მოწოდებით ქულების 82 პროცენტი მოიგო.
ისნერისთვის ეს პირველი მოგებაა „მასტერსის“ სერიის ტურნირებზე. მან ეს 32 წლისა და 11 თვის ასაკში გააკეთა. მანამდე ამერიკელს სამიდან სამი ფინალი ჰქონდა წაგებული.
მისი ტრიუმფი იმას ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ისნერი ATP-ის რეიტინგის პირველ ათეულში დაბრუნდება და მსოფლიოს მეცხრე ჩოგანი გახდება.