ჯონ ისნერმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
ჯონ ისნერმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

ამერიკელმა ჩოგბურთელმა, ჯონ ისნერმა პროფესიული სპორტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. ეს აშშ-ის ღია პირველობის დასრულების შემდეგ მოხდება.

„პროფესიულ ჩოგბურთში 17 წელი თამაშის შემდეგ მოვიდა სპორტთან გამომშვიდობების დრო. ეს ცვლილება არ იქნება იოლი, მაგრამ მე მოუთმენლად ველოდები მის თითოეულ წამს ჩემს შესანიშნავ ოჯახთან ერთად. აშშ-ის ღია პირველობა ჩემი ბოლო ტურნირი იქნება“, – დაწერა ისნერმა საკუთარ „ტვიტერში“.

ჯონ ისნერს ATP-ის დონეზე 16 ტიტული აქვს მოგებული. 2018 წელს მან უიმბლდონის ნახევარფინალამდე მიაღწია, ასევე მაიამიში პირველად და ერთადერთხელ მოიგო „მასტერსის“ სერიის ტურნირი, აგრეთვე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშა. გარდა ამისა, ისნერი ორჯერ გავიდა აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალში – 2011 და 2018 წლებში.

ისნერი ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩის მონაწილეა – 2010 წლის უიმბლდონზე მან და ფრანგმა ნიკოლა მაუმ სამი დღის განმავლობაში კორტზე 11 საათი და ხუთი წუთი დაჰყვეს და ჯამში 183 გეიმი გაითამაშეს. ის შეხვედრა ისნერმა 6:4, 3:6, 6:7(7), 7:6(3), 70:68 მოიგო.

ასევე ისნერი ორი რეკორდის მფლობელია – 2016 წელს დევისის თასზე ისტორიაში ყველაზე სწრაფი (253 კმ/სთ) მოწოდება შეასრულა, გარდა ამისა, მამაკაცთა ჩოგბურთში ყველაზე მეტი ეისი (14 411) აქვს ჩაწოდებული.

ამჟამად ამერიკელი მსოფლიოს 158-ე ნომერია. ამ მხრივ მისი საუკეთესო შედეგი 2018 წელს რეიტინგის მერვე ადგილი იყო.

აშშ-ის ღია პირველობა 28 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე გაიმართება.