ჯონ ისნერი მეორე ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც კარიერაში 13 ათასი ეისი შეასრულა  #1TVSPORT
ჯონ ისნერი მეორე ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც კარიერაში 13 ათასი ეისი შეასრულა #1TVSPORT

ვეტერანმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ჯონ ისნერმა ცინცინატის „მასტერსის“ პირველი წრის მატჩში ბრიტანელი კემერონ ნორი სამ სეტში დაამარცხა – 4:6, 7:6(7:5), 6:4. ამ შეხვედრაში 36 წლის ჩოგბურთელმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ისნერმა მატჩში 26 ეისი ჩააწოდა. ახლა, მის ანგარიშზე კარიერაში 13004 ეისი მოდის და ის გახდა მეორე მოთამაშე ჩოგბურთის ისტორიაში, ვისაც 13 ათასი ეისი შეუსრულებია. პირველად ეს ხორვატმა ივო კარლოვიჩმა (13 709) შეძლო.

„ძალიან მაგარია. დანამდვილებით ვიცი, რომ კარლოვიჩთან ძალიან ახლოს ვარ. თუ ის მალე დაასრულებს კარიერას, ცალსახად მისი რეკორდი გახდება მიზანი, რომლის მიღწევასაც შევეცდები“, – განაცხადა ისნერმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ვებგვერდზე.

ცინცინატის „მასტერსზე“ ისნერის მომდევნო მეტოქე მე-11 ნომრად განთესილი იტალიელი იანიკ სინერი იქნება.

ეისების სტატისტიკას 1991 წლიდან ითვლიან. ამ მომენტისთვის ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. ივო კარლოვიჩი – 13 709
  2. ჯონ ისნერი – 13 004
  3. როჯერ ფედერერი – 11 478
  4. ფელისიანო ლოპესი – 10 047
  5. სემ კუერი – 8 686