ჯონ ბოლტონი - კიბერთავდასხმების სანაცვლოდ, მოწინააღმდეგეები აშშ-ისგან სათანადო პასუხს მიიღებენ
ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვის მიზნით, საპასუხო კიბერთავდასხმებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა ABC-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის ერთიანობის დაცვის მიზნით, თეთრი სახლი როგორც თავდაცვით, ასევე თავდასხმის ზომებს მიმართავს.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა უწყებებთან შეხვედრებს მართავდა, სადაც ვაშინგტონის მხრიდან მისაღებ ზომებს განიხილავდნენ. ამასთან ბოლტონმა დასძინა, რომ კიბერუსაფრთხოების საკითხი სახელმწიფო საიდუმლოებაა და უამრავი დეტალის შესახებ, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს.
პოლიტიკოსის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი საკუთარ შესაძლებლობებს არამხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის და არჩევნების, არამედ აშშ-ის შედარებით სუსტი სისტემების დაცვისთვის გამოიყენებს.
ABC-თან მიცემულ ინტერვიუში ჯონ ბოლტონმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს კიბერ-ომი არ სურს.
„ჩვენ კიბერსივრცეში მშვიდობის მომხრეები ვართ. ასეთი გარემოს შესაქმნელად კი, ვფიქრობ, შეკავების სტრუქტურის ჩამოყალიბებაა საჭირო. მოწინააღმდეგეები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებენ, საკუთარი ქმედების სანაცვლოდ, სათანადო პასუხს მიიღებენ. შედეგად ყველა მიხვდება, რომ უმჯობესია, აღნიშნულ საკითხში თავის შეკავება და კიბერსივრცეში სიმშვიდის დამყარება“,- განაცხადა ჯონ ბოლტონმა ABC-თან მიცემულ ინტერვიუში.