კონგრესმენი ჯო უილსონი - „ქართული ოცნება“ აფართოებს კავშირებს კომუნისტურ ჩინეთთან, აშშ-მა არ უნდა დაუშვას საქართველოს დემოკრატიაზე, ევროატლანტიკურ მომავალზე თავდასხმა, ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს
კონგრესმენი ჯო უილსონი - „ქართული ოცნება“ აფართოებს კავშირებს კომუნისტურ ჩინეთთან, აშშ-მა არ უნდა დაუშვას საქართველოს დემოკრატიაზე, ევროატლანტიკურ მომავალზე თავდასხმა, ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს

აშშ, ევროპელ კოლეგებთან ერთად, იყო საქართველოს დიდი ხნის მტკიცე მეგობარი. სამწუხაროდ, ეს მყარი კავშირი ცოტა ხნის წინ გახდა თავდასხმის სამიზნე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხრიდან, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მან გააკეთა აშშ-ის კონგრესში, „ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“ (აშშ-ის ჰელსინკის კომისიის) სხდომაზე, სადაც გაიმართა მოსმენა სახელწოდებით „საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდაჭერა“.

„ეს სხდომა საქართველოსთვის კრიტიკულ მომენტში იმართება. მას შემდეგ, რაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობა აღიდგინა, აშშ-მა და საქართველომ ახლო ურთიერთობები დამყარეს, რომელიც ეფუძნება დემოკრატიული პრინციპებისა და ძლიერი, თავისუფალი, ევროატლანტიკური სივრცის ერთობლივ ხედვას. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ მუშაობდნენ, რათა საქართველოში გატარებულიყო ღრმა და შორს მიმავალი რეფორმები ინვესტიციების სტიმულირებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის და მხარდამხარ ვმუშაობდით ერთობლივი მიზნისთვის, რაც გახლავთ რეგიონული და ევროპული მშვიდობა.

ჩვენი სამხედროები ერთად იბრძოდნენ ავღანეთსა და ერაყში. აშშ-მა 6 მილიარდ დოლარზე მეტის კონტრიბუცია გამოყო საქართველოს მხარდასაჭერად, რათა ქართველი ხალხისთვის შეგვეთავაზებინა შესაძლებლობები. აშშ, ევროპელ კოლეგებთან ერთად, იყო საქართველოს დიდი ხნის მტკიცე მეგობარი. სამწუხაროდ, ეს მყარი კავშირი ცოტა ხნის წინ გახდა თავდასხმის სამიზნე საქართველოს მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მხრიდან, რომელსაც მილიარდერი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს“, – განაცხადა ჯო უილსონმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ღიად უარყო საქართველოს და მისი ხალხის დემოკრატიული, ევროატლანტიკური არჩევანი, როდესაც პარლამენტში გაიტანა პუტინის სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი და ეს მოხდა მრავალთვიანი საპროტესტო აქციების მიუხედვად“.

„ეს კანონი ღიად არის მიმართული საქართველოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების, მედიის სტიგმატიზაციის და ძირის გამოთხრისკენ, ასევე, ალტერნატიული აზრის გამოსათქმელად საჭირო სივრცის შეზღუდვისკენ. მეტიც, ეს „უცხოეთის აგენტების კანონი“ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული შემობრუნების მხოლოდ მცირე ნაწილია. დამატებითი კანონმდებლობა მიმართულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დარჩენილი დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ და ასევე ხდება მართლმსაჯულების სისტემის მიტაცება. სამოქალაქო აქტივისტებს და მათ ოჯახის წევრებს აშინებენ და თავს ესხმიან კიდეც, რასაც აკეთებენ მთავრობასთან დაკავშირებული ბანდიტები. ოპოზიციის ოფისებს არბევენ, ანადგურებენ და ვხედავთ ვანდალიზმის შემთხვევებს. „ქართული ოცნება“ აქტიურად ემხრობა ომის დამნაშავე პუტინს და სხვა ავტორიტარებს. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ პუტინს ოკუპირებული აქვს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20 პროცენტი. საქართველოს მმართველმა პარტიამ იპოვა საერთო ომის დამნაშავე პუტინთან, რომელიც სიხარული ეთანხმება „ქართული ოცნების“ კონსპირაციულ და ანტიდემოკრატიულ შეტრიალებას.

რუსეთის დაზვერვის აქტივები დაუსჯელად მოქმედებენ საქართველოში. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები მოქმედებენ მოსახლეობის საწინააღმდეგოდ, საქართველოს სუვერენიტეტი მიჰყიდეს რუსეთის იმპერიას, სანაცვლოდ კი იაფფასიანი ძალაუფლება და მატერიალური სარგებელი მიიღეს. „ქართული ოცნება“ ასევე აფართოებს კავშირებს კომუნისტურ ჩინეთთან, როდესაც სასწრაფო წესით გადასცემს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ჩინეთის არმიასთან დაკავშირებულ კომპანიებს. ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ დიქტატორული შეტრიალების კიდევ ერთი ასპექტი. აშშ-მა არ უნდა დაუშვას საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მომავალზე თავდასხმა და ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

სწორედ ამიტომ მივესალმები სახელწმიფო დეპარტამენტის განცხადებას ვიზების შეზღუდვების შესახებ, რომელიც მიმართულია ნებისმიერი პირის წინააღმდეგ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. თუმცა ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა შევასრულოთ. მოხარული ვარ, წარვადგინო „მეგობარი აქტი“, რომელსაც წარვადგენ ჩემს კოლეგებთან და საქართველოს მეგობრებთან ერთად – კონგრესმენ სტივ კოენთან, კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონათან ჩრდილოეთ კაროლინიდან და მარკ ვიზისთან ტეხასიდან. ეს კანონმდებლობა მისცემს სახელმწიფო დეპარატემენს დამატებით ინსტრუმენტებს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური სანქციების დასაწესებლად მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩართულია საქართველოს მოქალაქეების საწინააღმდეგო რეპრესიულ ზომებში.

ეს კანონი ასევე ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას, რომელიც ხაზს გაუსვამს რუსეთის და ჩინეთის მავნე გავლენის დონეს საქართველოში და იმას, როგორაა ეს ძალისხმევა დაკავშირებული მნიშვნელოვან ფიგურებთან საქართველოში. ეს კანონი ასევე მოსთხოვს ადამინისტრაციას, სასწრაფო წესით შექმნას წინასაარჩევნო სამუშაო ჯგუფი საქართველოში, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შეუდგეს მუშაობას დემოკრატიული გარემოს დასაცავად 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნებისთვის. დამატებით, „მეგობარი აქტი“ ხაზს უსვამს უფრო ძლიერ ჩარჩოს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისთვის. სწორედ ამიტომ კანონში არის მოწოდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირების გაფართოებისკენ, ადამიანებს შორის კონტაქტების გამტკიცებისკენ და ასევე უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროში ძლიერი მხარდაჭერის პაკეტების გადაცემა, როდესაც საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება საკუთარი ხალხის დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენ სერიოზულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მოსახლეობას, რომელთანაც სამომავალოდ გვსურს პოზიტიური თანამშრომლობა. მოხარული ვარ, გითხრათ, რომ „მეგობარი აქტს“ აქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა. ასევე მივესალმებით, რომ ამ კანონმდებლობას მხარი დაუჭირა „ფრიდომ ჰაუსმა“, „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული კოალიციისგან“. აგრეთვე, „აშშ-ში საქართველოს ასოციაციამ“, ასევე „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპულმა კოალიციამ“, ჩრდილოეთ კავკასიის ერების კომიტეტმა და სხვებმა. მე ასევე ველოდები, ვიმუშაო სენატორ ჯინ შაჰინთან, რათა ჩვენ გავაერთიანოთ ძალისხმევა საქართველოს საოცარი ხალხის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ჯო უილსონმა.