ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მომავალი ადმინისტრაცია ალექსეი ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანის თქმით, ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ სალივანმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
„ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და მის სიცოცხლეზე აღმაშფოთებელ თავდასხმაში დამნაშავე პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. კრემლის თავდასხმები ნავალნიზე არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევა, არამედ რუსი ხალხის შეურაცხყოფაცაა, რომელსაც უნდა, მისი ხმა გაიგოს“, – განაცხადა სალივანმა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. ნავალნის თვითმფრინავი თავდაპირველად ვნუკოვოს აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, თუმცა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დაფრინდა. მედიის ინფორმაციით, ცვლილების მიზეზი „ვნუკოვოს“ აეროპორტში თოვლის საწმენდი მოწყობილობის დაზიანება გახდა, რის გამოც დასაფრენი ბილიკი დაიხურა. მოგვიანებით კი, „ვნუკოვოს“ აეროპორტი სხვა თვიმფრინავების მისაღებად გაიხსნა. პოლიციელებმა რუსი ოპოზიციონერი საპასპორტო კონტროლის გავლის დროს აიყვანეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვის დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვის დააკავეს.