ალექსეი ნავალნი მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს
ალექსეი ნავალნი მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს.

„ბიბისის“ რუსული გამოცემა წერს, რომ პოლიციელებმა ალექსეი ნავალნი საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს. ამასთან, ვრცელდება ნავალნის დაკავების ამსახველი ვიდეოც.

რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ალექსეი ნავალნი იმყოფებოდა, მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დაფრინდა. მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი „ვნუკოვოს“ აეროპორტში უნდა დაშვებულიყო.

მედიის ინფორმაციით, ცვლილების მიზეზი „ვნუკოვოს“ აეროპორტში თოვლის საწმენდი მოწყობილობის დაზიანება გახდა, რის გამოც დასაფრენი ბილიკი დაიხურა.

მოგვიანებით, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც ნავალნის თვითმფრინავი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დაეშვა, „ვნუკოვოს“ აეროპორტი სხვა თვიმფრინავების მისაღებად გაიხსნა.