ჯო ბაიდენი - ზელენსკისგან მტკიცე გარანტია მაქვს, რომ ისინი არ გამოიყენებენ „ეფ-16“-ებს რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე თავდასხმისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას მტკიცე გარანტია მისცა, რომ „ეფ-16“-ის ტიპის გამანადგურებლები არ იქნება გამოყენებული რუსეთს გეოგრაფიულ ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯო ბაიდენს ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ გამოიწვევს „ეფ-16“-ების უკრაინისთვის გადაცემა ომის ესკალაციას.
„ზელენსკისგან მტკიცე გარანტია მაქვს, რომ ისინი არ გამოიყენებენ „ეფ-16-ებს“ რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე. თუმცა, უკრაინაში მყოფ რუსეთის დანაყოფებთან დაკავშირებით ისინი შეძლებენ ამის გაკეთებას“, – განაცხადა ბაიდენმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რომ ვაშინგტონი „საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციას“ შეუერთდება, რომელიც უკრაინელ მფრინავებს მეოთხე თაობის გამანადგურებლების, მათ შორის, „ეფ-16“-ების გამოყენებაში მოამზადებს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა მესამე ქვეყნების მიერ უკრაინისთვის ამერიკული წარმოების „ეფ-16“-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემას.