ჯო ბაიდენი - პუტინის მთავარი მიზანი ჩავარდა, უკრაინა ისევ თავისუფალი, ნატო კი უფრო დიდი და ძლიერია
ჯო ბაიდენი - პუტინის მთავარი მიზანი ჩავარდა, უკრაინა ისევ თავისუფალი, ნატო კი უფრო დიდი და ძლიერია

პუტინის მთავარი მიზანი ჩავარდა, უკრაინა ისევ თავისუფალი და ნატო უფრო დიდი და ძლიერია, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ეს ჯო ბაიდენის ბოლო გამოსვლა იყო.

ჯო ბაიდენმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულ უსაფრთხოების, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ისაუბრა.

„კარგი ამბავი არის ის, რომ ჩავარდა პუტინის ომი, ისევე როგორც მისი მთავარი მიზანი. ის გეგმავდა უკრაინის განადგურებას, თუმცა უკრაინა ისევ თავისუფალია. ის გეგმავდა ნატო-ს შესუსტებას, თუმცა ნატო არის უფრო დიდი, უფრო ძლიერი და უფრო ერთიანი, ვიდრე ოდესმე, ორი ახალი წევრით – ფინეთითა და შვედეთით. ჩვენ ვერ დავიხევთ უკან. მსოფლიოს ახლა გასაკეთებელი აქვს სხვა არჩევანი – შევინარჩუნებთ ჩვენს მხარდაჭერას, რათა დავეხმაროთ უკრაინას, გაიმარჯვოს ამ ომში და შეინარჩუნოს თავისი თავისუფლება, თუ თვალს დავხუჭავთ აგრესიაზე და ერი განადგურდება? მე ვიცი ჩემი პასუხი, ჩვენ ვერ დავიღლებით, ჩვენ ვერ შევაქცევთ ზურგს და ვერ შევასუსტებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს და არ მიაღწევს სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას“ , – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა თავის 50-წლიან პოლიტიკურ კარიერაზე ისაუბრა და გაიხსენა გლობალური გამოწვევები, რომლებიც, მისი განმარტებით, აშშ-მა და მსოფლიომ გადალახეს. ერთ-ერთ მაგალითად ბაიდენმა აშშ-სა და ვიეტნამის ომი დაასახელა.

„დღეს აშშ და ვიეტნამი პარტნიორები და მეგობრები არიან, რაც ადასტურებს, რომ ომის შუაგულშიც კი არის წინსვლის გზა. ყველაფერი შეიძლება გაუმჯობესდეს. ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. მე ეს მინახავს ჩემი კარიერის განმავლობაში“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მსოფლიოს წინაშე დღეს არსებულ საფრთხეებზეც ისაუბრა და წინსვლის იმედი გამოთქვა.

„მე ვიცი, რომ ბევრი უყურებს დღეს მსოფლიოს, ხედავს სირთულეებს და სასოწარკვეთილია, თუმცა მე  – არა. როგორც ლიდერებს, ჩვენ არ გვაქვს ეს ფუფუნება. მე ვაღიარებ გამოწვევებს უკრაინიდან, ღაზამდე, სუდანამდე და მის ფარგლებს გარეთ. ომი, შიმშილი, ტერორიზმი, სისასტიკე, ადამიანების იძულებით გადაადგილება, კლიმატური კრიზისი, დემოკრატია რისკის წინაშეა. სია გრძელია, თუმცა შესაძლოა იმის გამო, რაც მე მაქვს ნანახი და ყველაფრის გამო, რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ ათწლეულების განმავლობაში, მაქვს იმედი, მე ვიცი, რომ არის წინსვლის გზა. მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე ვიმყოფებთ. არჩევანი, რომელსაც დღეს გავაკეთებთ, განსაზღვრავს მომავალ ათწლეულებს. დავიცავთ თუ არა ჩვენ პრინციპებს, რომლებიც გვაერთიანებს? დავდგებით მტკიცედ აგრესიის წინააღმდეგ? დავასრულებთ კონფლიქტებს, რომლებიც დღეს მძვინვარებს? დავუპირისპირდებით გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები, შიმშილი, დაავადებები? გავითვალისწინებთ ახლა ახალი ტექნოლოგიების რევოლუციის შესაძლებლობებსა და რისკებს?“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა: „აშშ-ის ამოცანაა, ძალები, რომლებიც გვაერთიანებს, იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ისინი, რომლებიც ჩვენ გვყოფს“.