ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევშია. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადასტურებს.
ეს ბაიდენის პირველი ვიზიტია კიევში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჯო ბაიდენი უკრაინის მეზობელ პოლონეთში ვიზიტს და პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრას გეგმავდა. ამერიკის პირველი პირის კიევში ჩასვლა არ დასტურდებოდა.
დღეს უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებოდნენ, თუმცა მისი ვინაობა არ დააკონკრეტეს. უკრაინული მედიის ცნობით, კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, რკინიგზა, ასევე ამერიკის საელჩოს ტერიტორია.
სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა ბაიდენის კიევში ჩასვლის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.