უკრაინული მედიის ცნობით, კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან, გადაკეტილია ქუჩები, რკინიგზა, ასევე აშშ-ის საელჩოს ტერიტორია
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან, გადაკეტილია ქუჩები, რკინიგზა, ასევე აშშ-ის საელჩოს ტერიტორია

კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, რკინიგზა, ასევე ამერიკის საელჩოს ტერიტორია.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ახმაურებენ, ვინ ჩადის კიევში, თუმცა მედიასაშუალებები ვარაუდობენ, რომ უკრაინის დედაქალაქში, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩადის.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენი ხვალ პოლონეთში ჩადის.

„მოდით, ჯერ ამ ინტრიგას შევინახავთ და არ გავუსწრებთ მოვლენებს. იმედი მაქვს, რომ სიურპრიზი, რომელიც მზადდება, გამოვა. იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ომის წლისთავზე ვიხილოთ არა მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვები, არამედ, ასევე, ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების კიევში ვიზიტები“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი მელნიკმა.