ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთის ლიდერს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინოს მოსკოვთან ურთიერთობებში
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოუწოდებს ჩინეთის ლიდერს, სიფრთხილე გამოიჩინოს მოსკოვთან ურთიერთობებში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სიენენთან ინტერვიუში ისაუბრა.
ბაიდენის განცხადებით, სი ძინპინთან სატელეფონო საუბრისას ყურადღება გაამახვილა ჩინეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინთან შეხვედრასა და პეკინის დამოკიდებულებაზე დასავლურ ინვესტიციებზე.
„მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, 600 ამერიკული კორპორაცია გავიდა რუსეთის ფედერაციიდან. ჩინეთის ლიდერი მეუბნებოდა, რომ მათი ეკონომიკა დამოკიდებულია ინვესტიციებზე ევროპიდან და აშშ-დან. მას ვუთხარი, რომ ფრთხილად იყოს“, – განაცხადა ბაიდენმა „სიენენთან“ ინტერვიუს დროს.
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ სი ძინპინთან საუბრისას, მას მიუთითა, რომ მისი მოწოდება სიფრთხილისკენ არ წარმოადგენს მუქარას.
აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, როდის შედგა ჩინეთის ლიდერთან საუბარი.