ჯიმ ო’ბრაიენი - ვიმედოვნებთ, გვექნება მეტი დისკუსია, რათა გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ნაბიჯები შეესაბამებოდეს ევროპულ ნორმებს, დაგვპირდნენ, რომ ამის შესაძლებლობა იქნება კანონის ამოქმედებამდე
ვიმედოვნებთ, გვექნება მეტი დისკუსია, რათა გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ნაბიჯები შეესაბამებოდეს ევროპულ ნორმებს. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ამის შესაძლებლობა იქნება კანონის ამოქმედებამდე, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ჯიმ ო’ბრაიენმა აღნიშნა, არც პროცესი და არც კანონი არ შეესაბამება ამ სტანდარტებს.
„როდესაც აქ ჩამოვედი, ცოტა დამაბნეველი იყო ორი სხვადასხვა სახის საუბარი. ერთი ეხება უცხოური გავლენების შესახებ კანონს. კანონის ზოგიერთი დამცველი ამბობს, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა უნდა იყოს საქართველოს მთავარი ეროვნული ინტერესი. ისინი ფიქრობენ, რომ ზოგიერთი დასავლური დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორიც უნდა იყოს. ჩვენი ინტერესია, ვნახოთ, რომ საქართველო თანხვედრაშია ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკურ ნორმებთან ისეთი საკითხების მოგვარებისას, როგორიცაა გამჭვირვალობა. გულწრფელად ვფიქრობთ, რომ არც პროცესი და არც კანონი არ შეესაბამება ამ სტანდარტებს. ვიმედოვნებთ, გვექნება მეტი დისკუსია, რათა ვიხილოთ, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ნაბიჯები შეესაბამება ევროპულ ნორმებს. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ამის შესაძლებლობა იქნება კანონის ამოქმედებამდე. ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ იქნებოდა შედეგები, თუკი კანონი განხორციელდება მისი ახლანდელი სახით.
საქართველო ცდილობს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას. ამ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული სტანდარტები, რომლებიც ამბობს, როგორია წესები. ჩვენ გვსურს, საქართველომ გააგრძელოს ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფნა, დაშორების ნაცვლად. საქართველოს გადაწყვეტილება, არ დაუახლოვდეს ევროპას, იქნება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული გზის უარყოფა. გვჯერა, ჩვენ ვხედავთ ამას გამოკითხვების შედეგებში, ვხედავთ ამას ქუჩაში, გვესმის ყველა პოლიტიკური პარტიისგან, მათ შორის „ქართული ოცნებისგან“, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან, ბიზნესსაზოგადოებისგან, რომ ქართველ ხალხს ძალიან სურს ამ გზის გაგრძელება. ჩვენ ვიდგებით მათ გვერდით, როგორც ამას, 30 წელზე მეტია, ვაკეთებდით“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.
ამასთან, ო’ბრაიენმა აღნიშნა: „დემონსტრაციები თუ იქნება, ჩვენ გვინდა, ისინი იყოს მშვიდობიანი და გვსურს, პოლიცია იყოს მშვიდობიანი. გვინდა, რომ არ ხდებოდეს დემონსტრანტებისა და სხვების დაშინება, იქნება ეს დემონსტრაციაზე, სახლებში თუ საკუთრების წინააღმდეგ, როგორც ეს მოხდა ბოლო დღეებში. დაშინებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა იქნეს გამოვლენილი და წარდგნენ სასამართლოს წინაშე“.