ჯიმ ო’ბრაიენი - გასაგებია, რა სურს ქართველ ხალხს და როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, იმედი გვაქვს, გააცნობიერებენ, ხალხს სურს, დარწმუნებული იყოს, რომ ევროპისა და ნატო-სკენ გზას გააგრძელებენ
ჯიმ ო’ბრაიენი - გასაგებია, რა სურს ქართველ ხალხს და როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, იმედი გვაქვს, გააცნობიერებენ, ხალხს სურს, დარწმუნებული იყოს, რომ ევროპისა და ნატო-სკენ გზას გააგრძელებენ

გასაგებია, რა სურს ქართველ ხალხს, გასაგებია, როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა, ბრიფინგზე განაცხადა.

ენტონი ბლინკენის თანაშემწის თქმით, სამწუხაროა, რომ ბოლო დროს კონკრეტულმა ქმედებებმა, განსაკუთრებით ძალადობამ და მუქარამ სამოქალაქო საზოგადოებისა და ხანდახან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, კანონმა, რომელიც მიზნად ისახავს სტიგმატიზაციას სწორედ იმ ჯგუფების, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს, მოემზადოს თავისი ევროპული და ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისთვის, გააჩინა კითხვა, არის თუ არა დღევანდელი ხელმძღვანელობა წინსვლით დაინტერესებული.

„ასე რომ, ჩვენი ყურადღება გამახვილებულია კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებსაც ისინი ახორციელებენ და იმედი გვაქვს, გააცნობიერებენ, რომ საკუთარ ხალხს სურს დარწმუნებული იყოს, რომ გააგრძელებენ გზას ევროპისა და ნატო-სკენ“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, აშკარაა, რომ მოსახლეობას სურს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლა და ეს მოიცავს ევროკავშირს და ნატო-ს, რაც ჩანს გამოკითხვებში. როგორც ჯიმ ო’ბრაიენმა აღნიშნა, ეს წერია თვით საქართველოს კონსტიტუციაშიც კი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და სწორედ ის პარტია, რომელიც ახლა იწვევს კითხვებს, არის ის პარტია, რომელმაც რამდენჯერმე გაიმარჯვა არჩევნებში და მხარს უჭერდა ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის პოლიტიკას.