ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული პირებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული პირებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს.
ბრალი უკვე წარედგინა ერთ-ერთ დაკავებულს ბესიკ თამლიანს. როგორც პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსულმა თამლიანის ადვოკატმა განაცხადა, კონკრეტული მტკიცებულება, რომ თამლიანი აპირებდა პარლამენტში შეღწევას და ძალადობას, საქმეში არ არსებობს.
„გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ ბესიკ თამლიანმა ჩაიდინა ჯგუფურად ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა, ერთადერთი ატომური იარაღი არაა მითითებული.
მტკიცებულებები არის მოწმეთა ჩვენებები და ამ დროს, არცერთი მოწმის სახელი ჯერ არ ვიცით, მაგრამ დაგვპირდნენ, რომ გადმოგვცემენ. ძირითადად რამდენადაც ჩემთვისა არის ცნობილი, ეს არი პოლიციელების ჩვენებები და ეს ფირი, ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მოხდა ამოცნობა კონკრეტული პირის.
კონკრეტული მტკიცებულება, რომ თამლიანი აპირებდა პარლამენტში შეღწევას, ძალადობას, თავდასხმას ამავე მიზნით, ასეთი სახის მტკიცებულება ამ ჩამონათვალში არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ თამლიანმა მის მიერ განხორციელებული ქმედებისთვის პასუხი ადმინისტრაციული წესით უკვე აგო.
„დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, იმიტომ, რომ მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს 225-ე ან მსგავსი მუხლებით. ჩვენ ვნახეთ კადრები. იქ ჩანს, რომ ხელებით ურტყამს სპეცრაზმელის ფარს ორჯერ ან სამჯერ. თუმცა ამ ქმედებისთვის პატიმრობაში იმყოფებოდა და პასუხი აგო ადმინისტრაციული წესით და მაშინ ეს არ დაკვალიფიცირდა სისხლის სამართლებრივად და მეორე – იმთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქმედება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და აქედან გამომდინარე, ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა“, – განაცხადა ადვოკატმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი გუშინ დააკავა.