ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ და საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ონლაინდისკუსია – „სანქციების პრაქტიკული ანალიზი და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები“ გაიმართა.
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ინფორმაციით, ონლაინდისკუსიას მოდერატორობას უწევდა ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარი ეკონომიკის მიმართულებით, მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი, გიორგი აბაშიშვილი, ხოლო დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი.
დისკუსიაში მონაწილეობისას ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ყველა საერთაშორისო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ნაწილი და ამას პასუხისმგებლობით ასრულებს. მისი თქმით ინდივიდუალურ დამატებით სანქციებს საქართველო თვითონ არ აწესებს, რადგან სანქციების შემოღების მთავარი მოტივაცია და პრინციპი ყველა იმ ქვეყნის მხრიდან, რომელმაც შემოიღო ის, იყო, რომ ამით უნდა მოხდეს სანქცირებულის მეტად ზიანი, ვიდრე მასანქცირებელის.
„იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ინდივიდუალურ სანქციას შემოიღებს, მას შესაძლოა, უკუეფექტი ჰქონდეს და ჩვენი ზიანი მეტი იყოს, ვიდრე დავუშვათ, სანქცირების პირობებში სანქცირებულის. ამიტომ ეს არის აპრიორი პრინციპი, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან შემოღებული, რომელსაც ყველა ქვეყანა ღიად აცხადებს. რა თქმა უნდა, სანქცირება მასანქცირებელსაც აზიანებს ხოლმე, თუმცა მნიშვნელოვანია, ვისზე უფრო მეტად მოქმედებს. შესაბამისად, იქნება თუ არა იმ შედეგის მომტანი, რა მიზნითაც სანქციების შემოღება ხდება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილმა საქართველოს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებთან დამოკიდებულებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აუცილებელი დივერსიფიცირების მისაღწევად საქართველოს ღია გახსნილი ეკონომიკა აქვს და რეგიონის სხვა ეკონომიკებთან მნიშვნელოვანი კავშირები გააჩნია.
ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად არსებულ ინფლაციასა და გამოწვევებზე. ასევე აღნიშნა, რომ სამ თვეზე მეტია, რაც სანქციები არსებობს და მისი დარღვევის შემთხვევა საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა.
„რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში უპირველესი გამოწვევა ინფლაციაა და ეს არის ერთგვარი ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ფართომასშტაბიანი ომის შედეგად. მინდა, სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ სამ თვეზე მეტია, არსებობს სანქციები და ჩვენს ქვეყანაში მათი ზედმიწევნით აღსრულება ხდება. არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რომ საბაჟო ორგანოს მიერ სანქცირებული პროდუქციის გატარება მომხდარიყო. საბაჟო ორგანო აკონტროლებს როგორც ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვას რუსეთიდან და რუსეთის მიმართულებით, ასევე აკონტროლებს ექსპორტისა და რეექსპორტის მიმართულებებს. ბუნებრივია, ეს მოითხოვს საკმაოდ დიდ რესურსს და ამ მიმართულებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საბაჟო ძალიან კარგად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. დაახლოებით 90 ოპერაციაზე მეტის შეჩერება მოხდა, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ყოფილიყო გარკვეულწილად სანქცირების წესის დარღვევა. თითოეულ ამ ოპერაციაზე ინფორმირებული არიან ჩვენი პარტნიორები, საიდანაც ხდება აღნიშნული ტვირთის გამოგზავნა საქართველოს გავლით. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანომ მოკლე დროში მოახდინა რეორგანიზაცია, რათა ეფექტიანად მომხდარიყო თითოეული ოპერაციის კონტროლი როგორც ადამიანური რესურსების მიმართულებით, ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვართ პასუხისმგებლები იმ პროცესზე, რასაც ჰქვია ქვეყანაში საერთაშორისოდ დაწესებული სანქციების აღსრულება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მოქმედი ბიზნესსუბიექტებისათვის პრაქტიკული რჩევების შესახებ ისაუბრა. მან გამოყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რას უნდა აქცევდნენ ყურადღებას ბიზნესსუბიექტები, რომ არ გაეხვიონ სანქციების მავნე ზემოქმედების ქვეშ.
„გამოვყოფდი სანქციების სამმიმართულებას, რომელიც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოში მოქმედი ბიზნესსუბიექტებისთვის. პირველი, ფინანსური და მასთან გათანაბრებული აქტივები, საკუთრებასთან და მასთან დაკავშირებული კონტროლის თემები და გეოგრაფიულ წარმომავლობასთან დაკავშირებული მიმართულებები. აღსანიშნია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, სანქციების ამოქმედება ხდება დროში შესატყვისი თადარიგის დაჭერის გარეშე ან ისეთი თადარიგით, რომ მათთან მისასადაგებლად კომპანიებს საკმარისი დრო არ რჩებათ. ეს კი ადამიანურ დიდ რესურსსა და გამორჩეულ კომპეტენციას მოითხოვს. ასევე, მნიშვნელოვანი ხდება რიგ შემთხვევებში, მარეგულირებლის განმარტება, რათა კომპანიები არ დაექვემდებარონ სანქცირებას. დამატებით, გარიგების წარმოებისას კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ არა მარტო რეგულატორული რისკები, არამედ კომერციული და რეპუტაციული რისკები. ამა თუ იმ გარიგების წარმოებას თან უნდა სდევდეს ზოგადი გეოპოლიტიკური ანალიზიც, დეტალურად უნდა მოხდეს კონკრეტული გარიგების კონკრეტული მდგენელი რისკების განსაზღვრა: როგორ მოხდება ანგარიშსწორება, რომელი ბანკების მეშვეობით, ვინ გაწევს სადაზღვევო მომსახურებას, ვინ არიან სხვა მოქმედი სუბიექტები და სხვა. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან რომელიღაც საფეხურზე გარიგებაში, თუნდაც მცირე როლის მქონე მონაწილე სუბიექტმა შეიძლება, განაპირობოს გარიგებაზე სანქციების გავრცელება. ასევე უნდა გამოიკვეთოს, რა არის გარიგების მმართველი კანონმდებლობა და სასამართლო განსჯადობის საკითხი. აგრეთვე აუცილებლად გასათვალისწინებელია, როგორ იქნება ფორმულირებული ორი მნიშვნელოვანი დებულება – ერთი ფორსმაჟორთან დაკავშირებული და მეორე კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. საბოლოო საფეხურია ხელშეკრულების შეწყვეტის მექანიზმი. აღნიშნული ჩამოთვლილი საკითხების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ხდება რისკების დაზღვევა ან მათი სათანადოდ მართვა“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
ვიქტორ ყიფიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა ე.წ. მეორად სანქციებზე, რომელსაც მან წარმოებული სანქციები უწოდა და განმარტა, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ შესაძლოდ გარკვეულ ეტაპზე ამოქმედებული ე.წ. მეორადი სანქციების დანიშნულება იქნება იმ მექანიზმების მეტად შეზღუდვა, რაც სუბიექტებს უკვე დაწესებული სანქციებიდან თავის არიდების შესაძლებლობას არ მისცემს. მან ასევე დასძინა, რომ მეორადი სანქციების დამტკიცების მოწინააღმდეგეების არგუმენტების მიხედვით, მათი ამოქმედება მეტად საკამათოა, ვინაიდან ეს უკავშირდება ზოგად პოლიტიკურ საკითხებს, ისევე როგორც საერთაშორისო ურთიერთობაში ქვეყნების საჭირო დამოუკიდებელი კურსის უზრუნველყოფას.
ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარმა ეკონომიკის მიმართულებით გიორგი აბაშიშვილმა კი შეჯამებისას აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან, რათა მოხდეს მათი მეტად ინფორმირება.
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მეტად არის კომუნიკაციის საჭიროება ბიზნესთან და ეს იგრძნობოდა ყველა სპიკერის გამოსვლაში. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მეტი პერსპექტიული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ამ მიმართულებით“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ცნობით, „ჯეოქეისის“ და საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის, სადისკუსიო ანალიტიკური ფორმატის – „კომერსანტის“ კვლევითი ინიციატივის – Commersant Intelligence Unit ფარგლებში, ონლაინდისკუსიათა სერია კვლავ გაგრძელდება და აქტუალური საკითხების განხილვა მომავალშიც გაიმართება.