„ჯისაკისა“ და „ჯეოქეისის“ გუნდმა პროექტ „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ფარგლებში, გასვლითი შეხვედრა ბათუმში გამართა
„ჯისაკისა“ და „ჯეოქეისის“ გუნდმა პროექტ „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ფარგლებში, გასვლითი შეხვედრა ბათუმში გამართა

„ჯისაკისა“ და „ჯეოქეისის“ გუნდმა პროექტ „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ფარგლებში, გასვლითი შეხვედრა ბათუმში გამართა.

როგორც ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი ხათუნა ბურკაძე აცხადებს, ბათუმის უნივერსიტეტში შეხვედრაზე პლატფორმის ფარგლებში მომზადებული დეკლარაცია წარადგინეს.

„დღეს ჩვენ ვხვდებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს. წარვადგენთ ეროვნული თანხმობის დეკლარაციას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს პოლარიზაციის შემცირებას და ამ პროცესში სამოქალაქო, აკადემიური წრეების წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობას. პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით და დაფინანსებით. რაც შეეხება მიზანს, მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია წარმოადგენს პრობლემას არა მხოლოდ ქვეყნის წინსლვისთვის, განვითარებისთვის, არამედ მისი უსაფრთხოებისათვის, მით უფრო იმ ფონზე, რა გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშეც არის რეგიონი. შესაბამისად, ეს მოითხოვს ძალთა კონსოლიდაციას, რათა ჩვენ შევძლოთ ქვეყნის განვითარების საერთო დღის წესრიგზე შეთანხმება და ამის საფუძველზე ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

ამასთან, როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მმართველობის წევრმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომელიც დღეს დგას საზოგადოების წინაშე, არის დაპირისპირება, პოლარიზაცია, ვინაიდან დაპირისპირებული საზოგადოების მართვა არის მარტივი, ეს საზოგადოება არის სუსტი.

„ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა გადავწყვიტეთ, შევთავაზოთ აკადემიურ წრეებს ეროვნული თანხმობის პლატფორმა, რომელიც შეუწყობს ხელს პოლარიზაციის დასრულებას. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ შეიძლება, ერთმანეთს ყველაფერში არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ შეგვწევს უნარი, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ, გავიზიაროთ არგუმენტები და მოვახდინოთ ერთობლივი ხედვებისა და მიდგომების ფორმირება. პრეზენტაცია შედგა პირველად თბილისში და ახლა ვიწყებთ რეგიონებში პროექტების წარდგენას. გუშინ ვიყავით ზუგდიდში, დღეს ვართ შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის უნივერსიტეტში და იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტით დავაინტერესებთ, როგორც აკადემიურ პერსონალს, ისე სტუდენტებს“, – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.