გიორგი ანთაძე - უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება მოქმედებს ევროპისა და აშშ-ის თავდაცვისუნარიანობაზე, თუმცა ეს დროებითია
გიორგი ანთაძე - უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება მოქმედებს ევროპისა და აშშ-ის თავდაცვისუნარიანობაზე, თუმცა ეს დროებითია

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება მოქმედებს ევროპისა და აშშ-ის თავდაცვისუნარიანობაზე, თუმცა ეს დროებითია, – ამის შესახებ „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გიორგი ანთაძემ განაცხადა.

„ჩვენ შეგვიძლია, ვარაუდების გარეშე, ფაქტებით ვისაუბროთ. ვგულისხმობ იმ ანგარიშებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები გერმანიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში აქვეყნებენ და რომლებიც მიმართული იყო უკრაინის ომის ფონზე სამხედრო მარაგების შესწავლისკენ. უნდა გითხრათ, რომ ევროპის შემთხვევაში, იმავე საფრანგეთისა და გერმანიის შემთხვევაში, მათი თავდაცვის ძალები ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან, რათა დროულად იყოს მარაგები შევსებული. ასევე აუცილებელია საწარმოო ხაზების გამართვა, სადაც ეს არის საჭირო.

აშშ-ის შემთხვევაში კი უკვე საუბარია გრძელვადიანი შესრულების გეგმების შემუშავებაზე. სულ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის კონგრესმა გასცა ავტორიზაცია აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის გამარტივებული შესყიდვების შესახებ, რაც მიმართულია იმ პროგრამული შეიარაღების შესყიდვისკენ, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, უკრაინას სჭირდება. უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების ფონზე აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში გაჩნდა დეფიციტი. ეს ეხება სარაკეტო შეიარაღებას, ზუსტ შეიარაღებას, საარტილერიო ჭურვებს. ეს ის შეიარაღებაა, რომელიც ყველაზე მეტად იხარჯება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში. ასე რომ, უკრაინის სამხედრო დახმარება პირდაპირ მოქმედებს როგორც ევროპაზე, ისე აშშ-ზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საუბარია მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებზე. შესაბამისი გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია და მხოლოდ დროის საკითხია, რომ ეს ყველაფერი დაიძრას. დაანონსებულია მრავალმილიონიანი პროგრამები როგორც საფრანგეთში, ისე გერმანიასა და აშშ-ში“, – განაცხადა ანთაძემ.

ანთაძე ასევე ვარაუდობს, რომ უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნების საკითხი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დროს გადაწყდება და არა სამხედრო გზით.

„სამხედრო თვალსაზრისით მე არ მგონია, რომ წელს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰქონდეთ იმის საშუალება, ყირიმის ნახევარკუნძულის გათავისუფლება შეძლონ. ზოგადად, ეს ძალიან რთული და სპეციფიკური სამხედრო ოპერაცია იქნება. ვფიქრობ, უკრაინელების ძალები იქნებიან ფოკუსირებული მატერიკულ ნაწილზე მდებარე ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაზე. ყირიმის საკითხი კი ომის დასრულების მოლაპარაკების საკითხს მიებმება“, – განაცხადა გიორგი ანთიძემ.

ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორთან, გიორგი ანთაძესთან ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ მოისმინოთ ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.