ჯემალ გამახარია - რუსეთის ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებობდეს მართვადი ქაოსი
ოკუპანტის მიზნები და აფხაზების მიზნები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, ოკუპანტს არ აწყობს, რომ იქ სტაბილურობა იყოს, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთში შექმნილი „ქაოსი არის ოკუპაციის თანმდევი მოვლენა“.
„აფხაზეთში ასეთი გამოსვლები, რასაც იქ პოლიტიკურ კრიზის ეძახიან, სინამდვილეში არის ქაოსი და ეს არის ოკუპაციის თანმდემი მოვლენა. ოკუპანტის მიზნები და აფხაზების მიზნები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, ოკუპანტს არ აწყობს, რომ იქ სტაბილურობა იყოს. მისი მიზანია, ამ ტერიტორიის ანექსია და არა დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს მშენებლობა. ამიტომ, ყოველთვის დებს ისეთ ნაღმებს, რომელიც საჭირო დროს და საჭირო შემთხვევაში, აუცილებლად აფეთქდება. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ იქ არსებობდეს მართვადი ქაოსი. ხაჯიმბამ რამდენი წინააღმდეგობაც არ უნდა გაწიოს, არაფერი გამოვა, მას დღეს თუ ხვალ, მოუწევს წასვლა. ახალი არჩევნები დაინიშნება და ასლან ბჟანია გახდება დე ფაქტო პრეზიდენტი. ეს პრობლემის მოგვარებასა და იქ ვითარების დალაგებას სულაც არ ნიშნავს. სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია რომ ამ პროცესებში ჩავერთოთ. ქართულ მხარეს არანაირად არ აწყობს ის დესტაბილიზაცია, რომელიც იქ ხდება, რომელმაც შეიძლება ადამიანური მსხვერპლი და მეტი ეკონომიკური სიდუხჭირე გამოიწვიოს“, – განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში „ძნელია ერთმანეთისგან გამიჯნო პოლიტიკური სპექტრი და კრიმინალი“.
როგორც გამახარია ამბობს, ოკუპირებული აფხაზეთის მომავალ „ხელისუფლებაში“ კრიმინაზალიციის დონე ბევრად უფრო მაღალი იქნება.
„ეს არ შეიძლება არ გვაწუხებდეს. ურთიერთობების გაუმჯობესებას არ მოველი, მაგრამ მოველი სერიოზულ ცვლილებებს აფხაზი ხალხის ცნობიერებაში, რომელიც ამ მოვლენებს უყურებს და ის არ შეიძლება, არ ფიქრობდეს იმაზე, რა იქნება ხვალ, როდის დამთავრდება; ეს არის ბევრად მნიშვნელოვანი. ახალი „ხელისუფლება“ რუსეთის გარეშე ვერაფერს გააკეთებს, მაგრამ საზოგადოებრივი ცნობიერება როგორ შეიცვლება, ეს არის მნიშვნელოვანი. მიმაჩნია, რომ აქ იქნება სერიოზული ძვრა, სასიკეთო ძვრა. აფხაზური საზოგადოება საკმაოდ გონიერი და განათლებულია და არ შეიძლება, არ ფიქრობდნენ თავიანთ მომავალზე, თავიანთ ხვალინდელ დღეზე და იმ ე.წ. დამოუკიდებელ აფხაზეთში არანაირი მომავალი რომ არ აქვთ ისინი ნელ-ნელა ამაში რწმუნდებიან და ეს პროცესები უწყობს ხელს“, – განაცხადა გამახარიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია 9 იანვარს, დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობდნენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
10 იანვარს კი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი არაუგვიანეს 13 იანვრის 11:00 საათამდე უნდა დაასახელონ.