„ჯეიპი მორგანმა“ პირველი ამერიკული საბანკო კრიპტოვალუტა შექმნა
„ჯეიპი მორგანმა“ პირველი ამერიკული საბანკო კრიპტოვალუტა შექმნა

ამერიკის შეერთებული შტატების საფინანსო სექტორის გიგანტმა საინვესტიციო ბანკმა „ჯეიპი მორგანმა“ საკუთარი ვირტუალური ვალუტა ე.წ. კრიპტოვალუტა შექმნა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ეს აშშ-ს საბანკო სექტორში საბანკო გიგანტის მიერ ინიცირებული პირველი ციფრული ვალუტაა და მსხვილ კლიენტებთან ფინანსური ტრანზაქციების გამარტივებას ემსახურება.

საკუთარი ვირტუალური ვალუტა „ჯეიპი მორგანმა“ უკვე წარმატებულად გამოიყენა კლიენტების ანგარიშებზე თანხის გადარიცხვის ოპერაციაში. როგორც ცნობილია, ციფრული ვალუტა ე.წ. ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ემყარება, რომელიც ბევრად უფრო საიმედოა ინფორმაციის შენახვის მიზნით, ვიდრე ჩვეულებრივი ელექტრონული ოპერაციები. ბანკის განმარტებით, ციფრულ ვალუტას სავალუტო გადარიცხვებთან დაკავშირებული რისკების შემცირების პოტენციალი აქვს და მყისიერ გადარიცხვას უზრუნველყოფს.

ჯეიპი მორგანის“ ხელმძღვანელი ჯემი დაიმონი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ოპონენტობით არის ცნობილი და საჯაროდ არაერთხელ გაუკრიტიკებია. მიუხედავად ამისა, მოცემულ მომენტში „ჯეიპი მორგანი“ აზუსტებს, რომ ყოველთვის სჯეროდა უშუალოდ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მომავლის.

„ჩვენ კრიპტოვალუტას მხარს ვუჭერთ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისად იქნება გაკონტროლებული და რეგულირებული,“  – განაცხადა ბანკის ციფრული ხაზინის განყოფილების ხელმძღვანელმა, უმარ ფარუქმა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ციფრული ვალუტის ტექნოლოგია ძალიან მოხერხებულია ინფორმაციის საიმედოდ შენახვისა და სწრაფი გადარიცხვის თვალსაზრისით, თუმცა იმის გამო, რომ ტრანზაქციის განმახორციელებელი პირები ანონიმური რჩებიან, თანაც კრიპტოვალუტა დღესდღეობით ფაქტობრივად არ რეგულირდება,  მისი კრიმინალური თვალსაზრისით გამოყენების დიდი რისკი არსებობს. მიუხედავად რისკებისა, ციფრულ ვალუტას უკვე მთელს მსოფლიოში იყენებენ ყოფით დონეზე, მაგალითად სასტუმროს ხარჯების დასაფარად თუ უძრავი ქონების  შესაძენად.

ჯეიპი მორგანის“ კრიპტოვალუტა ბანკის კლიენტი ფიზიკური პირებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი, ის მხოლოდ ორგანიზაციებს შორის გადახდების განხორციელებისთვის გამოიყენება. როდესაც ბანკის მომხმარებელი დეპოზიტზე თანხას განათავსებს, ის „ჯეიპი მორგანის“ ექვივალენტურ ციფრულ ვალუტაში კონვერტირდება. ამ სისტემის მიხედვით, ერთი მილიონი დოლარი „ჯეიპი მორგანის“ ერთ მილიონ ციფრულ ვალუტას უდრის. ამის შემდეგ კლიენტი თანხას ბლოკჩეინის ტექნოლოგიით გადარიცხავს. როდესაც ტრანზაქცია შედგება, კლიენტს შეუძლია, ვირტუალური ვალუტა თავად ბანკში ჩვეულებრივ ვალუტაში გაანაღდოს.

ამერიკულ საბანკო ვალუტას კრიტიკოსები უკვე გამოუჩნდნენ. ციფრული ვალუტის ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამერიკულ ბანკს საკუთარი ციფრული ვალუტა რეალურად არ სჭირდება, რადგან ვირტუალურ ვალუტაში ოპერაციების განხორციელება საკუთარი შიდა ქსელის გამოყენებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გარეშეც შეუძლია.