ჯეიმს ვებმა თავისი პირველი, დედამიწის ზომის პლანეტა აღმოაჩინა — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვებმა თავისი პირველი, დედამიწის ზომის პლანეტა აღმოაჩინა — #1tvმეცნიერება

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი 2021 წლის დეკემბერში გაუშვეს, სამეცნიერო საქმიანობა 2022 წლის ივლისში დაიწყო და მას შემდეგ, მრავალი რეკორდი მოხსნა.

ამჯერად, ერთ-ერთი ვარსკვლავის გარშემო, ტელესკოპმა საკუთარ საქმიანობაში პირველად შენიშნა პლანეტა, რომლის დიამეტრიც დედამიწის დიამეტრის 99 პროცენტს შეადგენს.

NASA-ს ეგზოპლანეტებზე მონადირე ტელესკოპ TESS-ის მიერ ჩატარებული დაკვირვებები იქ პლანეტის არსებობაზე აქამდეც მიუთითებდა, მაგრამ ამჯერად, მისი არსებობა ჯეიმს ვების ახლო-ინფრაწითელი სპექტროგრაფის (NIRSpec) მაღალი რეზოლუციის მონაცემებმა დაადასტურა.

მიუხედავად ზომის მსგავსებისა, მეცნიერთა აზრით, ეს პლანეტა დედამიწაზე გაცილებით ცხელია; წითელ ჯუჯა ვარსკვლავს გარს უვლის იმდენად ახლოდან, რომ ერთი შემოვლისთვის სულ რაღაც ორი დღე სჭირდება.

„კითხვაც აღარ უნდა, რომ იქ პლანეტაა. ვების სუფთა მონაცემებმა ეს დაადასტურა“, — ამბობს ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის ასტრონომი ჯეიკობ ლასტიგ-იაგერი.

პლანეტა ჩვენგან დაახლოებით 41 სინათლის წლის მანძილზე, ოქტანტის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს და სახელად LHS 475 b უწოდეს. სხვა პლანეტათა მსგავსად, ისიც იმ მცირე ჩაბნელების საფუძველზე შენიშნეს, რომელიც ვარსკვლავის წინ მისი ჩავლისას წარმოიქმნება.

ჯეიმს ვები იმით არის განსაკუთრებული, რომ შეუძლია დაინახოს ტრანსმისიის სპექტრი; პლანეტის გარშემო გაფილტრულ სინათლის ტალღის სიგრძეებს ბევრი რამის თქმა შეუძლიათ მისი ატმოსფეროს შემადგენლობის შესახებ.

ამ დროისთვის არ გვაქვს საკმარისი მონაცემები, რათა გავიგოთ, რა სახის ატმოსფერო აქვს LHS 475 b-ს, თუკი საერთოდაც აქვს. ასტრონომები დარწმუნებული არიან, რომ მას არ გააჩნია სქელი, მეთანით მდიდარი ატმოსფერო, როგორიც მაგალითად, აქვს სატურნის მთვარე ტიტანს.

„ტელესკოპი იმდენად მგრძნობიარეა და მისი მონაცემები იმდენად ზუსტია, რომ ადვილად დავაფიქსირეთ რამდენიმე სხვადასხვა მოლეკულა, მაგრამ ამ დროისათვის ბევრი სხვა არაფერი მონაცემი გვაქვს“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის ასტროფიზიკოსი ორტის კაბალიოსი.

ასტრონომები ვერ გამორიცხავენ თხელ ატმოსფეროსაც, რომელიც სუფთა ნახშირორჟანგისგან შედგება.

ჯეიმს ვების ძლიერი სიზუსტე ნიშნავს იმას, რომ მკვლევრებს გაცილებით პატარა ვარსკვლავებსა და პლანეტებზე დაკვირვებაც შეუძლიათ. ძირითადად, ამჟამინდელი ტელესკოპები პოულობენ იუპიტერზე უფრო დიდ პლანეტებს.

ამას გარდა, ჯეიმს ვები ინფორმაციას საკმაოდ სწრაფადაც აგროვებს: LHS 475 და მისი ზოგიერთი მახასიათებელი ვებმა სულ რაღაც ორი ტრანზიტის (ანუ ვარსკვლავის წინ ჩავლისას) საფუძველზე გამოააშკარავა. შემდეგი დაკვირვებები პლანეტის შესახებ გაცილებით მეტს გვეტყვის.

მგრძნობელობისა და ფართო სპექტრის ინსტრუმენტთა წყალობით, ჯეიმს ვები ღრმა კოსმოსის აბსოლუტურად გასაოცარ ხედებსაც გვთავაზობს — და ეს იმ დროს, როდესაც მისი ამოქმედებიდან ჯერ ერთი წელიც არ გასულა. წინ გაცილებით მეტი აღმოჩენა გველოდება.

„დედამიწის ზომის კლდოვან პლანეტაზე პირველი დაკვირვებებით მიღებული შედეგები კარს უხსნის მრავალ სამომავლო შესაძლებლობას კლდოვან ეგზოპლანეტათა ატმოსფეროების შესასწავლად“, — ამბობს ასტროფიზიკოსი მარკ კლამპინი.

აღმოჩენა 11 იანვარს, ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების შეკრებაზე წარმოადგინეს.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.