მშვიდად არცერთი ვარსკვლავი არ კვდება. ყველაზე მშვიდ ვარსკვლავურ სიკვდილსაც კი თან ახლავს რყევები, ამოფრქვევები და მიმდებარე სივრცეში უზარმაზარი ოდენობით მასის მიმოფანტვა.
ასეთი ბედი ელოდება საბოლოოდ მზესაც. სიკვდილის წინ, ჩვენი ვარსკვლავი წითელ გიგანტად გაიბერება, თანაც სავარაუდოდ მარსის ორბიტამდე, შემდეგ მატერიის გარე ფენებს მოიშორებს და დარჩენილი ბირთვი ულტრამკვრივ თეთრ ჯუჯად კოლაფსირდება.
რა ემართება ამის შემდეგ მის გარშემო არსებულ პლანეტებს? მოშლილი ორბიტის გამო, გალაქტიკაში სახეტიალოდ არიან განწირული თუ თეთრი ჯუჯა გადასანსლავს? იქნებ საერთოდაც გადარჩნენ და მკვდარი ვარსკვლავის გარშემო, წყვდიადში, კიდევ ტრილიონობით წელიწადს იმოძრაონ?
ახალი აღმოჩენა ცნობებს გვაწვდის მზის სისტემის პლანეტების შესაძლო ბედის შესახებ. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით ასტრონომებმა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების გარშემო მოძრავი ორი გაზის გიგანტი ეგზოპლანეტის პირდაპირი სურათები გადაიღეს.
„თუ დადასტურდა, ისინი პირველი პირდაპირ გადაღებული პლანეტები იქნება, რომლებიც ზუსტად ჩვენი მზის სისტემის გიგანტური პლანეტების იმავე ასაკის არიან და დაშორებაც ისეთივეა. ასევე გვიჩვენებენ, რომ ფართოდ განცალკევებული პლანეტები, იუპიტერის მსგავსები, ვარსკვლავურ ევოლუციას უნდა გადაურჩნენ“, — ამბობს კოსმოსური ტელესკოპის ინსტიტუტის ასტრონომი სუსან მიულელი.
სურათები რამდენიმე მიზეზის გამოა განსაკუთრებული. როგორც წესი, ეგზოპლანეტებს პირდაპირ ვერ ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის 5500-ზე მეტი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი და დადასტურებული (და ათასობით სხვა კანდიდატის სიაშია), მათი უმეტესობა არაპირდაპირი გზითაა ნაპოვნი. ასტრონომები აკვირდებიან ეფექტებს, რომლებიც ეგზოპლანეტებს აქვთ ვარსკვლავზე და მათ მახასიათებლებს სწორედ ამ ეფექტებზე დაყრდნობით ადგენენ.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ეგზოპლანეტები ძალიან პატარებია, ძლიერ შორს და მათ მიერ გამოყოფილი ან არეკლილი ნებისმიერი სინათლე უბრალოდ უმნიშვნელოა ვარსკვლავის სინათლის ფონზე; მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტექნოლოგიები უმჯობესდება, ეგზოპლანეტების პირდაპირ დაფიქსირება ჯერ მაინც დიდწილად შეუძლებელია.
თუმცა, ჯეიმს ვები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ტელესკოპია და მიულელიმ და მისმა ჯგუფმა ის თეთრ ჯუჯათა ეგზოპლანეტების მოსაძებნად გამოიყენეს.
მართლაც, ორ თეთრ ჯუჯასთან, ჩვენგან 34 სინათლის წლის მანძილზე მდებარე WD 1202-232-თან და 53 სინათლის წლის მანძილზე მდებარე WD 2105-82-თან გაზის გიგანტები აღმოაჩინეს. უცნობია, ზუსტად რა მასა აქვთ ამ პლანეტებს, მაგრამ ფოტოების საფუძველზე, ისინი დედამიწაზე 1-7-ჯერ უფრო მასიურები უნდა იყვნენ. ვარსკვლავის რხევების საფუძველზე, რასაც რადიალურ სიჩქარეს უწოდებენ, შესაძლებელია მასების უფრო ზუსტად დადგენა.
კიდევ უფრო საინტერესოა ორბიტული დაშორება თეთრ ჯუჯებსა და მათ პლანეტებს შორის.
WD 1202-232-ის გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტა მისგან 11,47 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული, ანუ ოდნავ უფრო შორს, ვიდრე სატურნი მზისგან, რომელიც ჩვენს ვარსკვლავს 9,5 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან უვლის გარშემო. WD 2105-82-ის პლანეტა კი მისგან 43,62 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მოძრაობს, დაახლოებით ნეპტუნის მსგავსად, რომელიც მზისგან 30 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული.
თუ ეგზოპლანეტებიც მათი დედავარსკვლავების ასაკისაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მზის სისტემაში მზისგან ასეთივე მანძილზე მდებარე გარე პლანეტები მზის სიკვდილს უნდა გადაურჩნენ და ორბიტაზე დარჩნენ.
ამ დროისათვის თეთრი ჯუჯების სულ რამდენიმე პლანეტაა აღმოჩენილი, რის გამოც, არც ისე ბევრი რამ ვიცით იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის მზის სისტემას მზის სიკვდილის შემდეგ. თეთრ ჯუჯათა ატმოსფეროს ანალიზზე დაყრდნობით ვიცით, რომ ამ მკვრივ ვარსკვლავურ ნარჩენებს ახლომდებარე პლანეტათა შთანთქმა შეუძლიათ, რაც მათ ატმოსფეროს პლანეტის შემადგენელი მასალებით აბინძურებს.
ეს აღმოჩენა ჯერ დადასტურებული არ არის — ორი ობიექტი შეიძლება უკანა ფონზე, შორს არსებული გალაქტიკები იყოს, მაგრამ მეცნიერება ასეთი შესაძლებლობა საკმაოდ ნაკლებად რეალური ჰგონიათ. შედეგად, ორი კანდიდატი პლანეტა მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს ფაზლისა, რომელმაც უნდა გვიჩვენოს, რა ემართება ჩვენს მსგავს პლანეტურ სისტემებს დედავარსკვლავის სიკვდილის პროცესში.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.