ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებში აღმოჩენილმა რამდენიმე ობიექტმა მეცნიერები გაოცებული დატოვა.
საქმე სავარაუდოდ ეხება საკმაოდ მასიური და კარგად ჩამოყალიბებული ექვს გალაქტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 500-700 მილიონი წლის შემდეგ პერიოდში ჩანან. ამჟამინდელი კოსმოლოგიური მოდელების თანახმად, მათ უბრალოდ არ უნდა ჰქონოდათ საკმარისი დრო, რათა ასეთ მომწიფებულ მდგომარეობამდე მიეღწიათ.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სამყაროს ევოლუციის შესახებ წარმოდგენაში რამდენიმე საკვანძო ეტაპი უბრალოდ გამორჩენილი გვაქვს.
„არასოდეს გვინახავს ასეთი დიდი ზომის გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან ასე ადრეულ პერიოდში. ჩვენ მიერ აღმოჩენილი ექვსი გალაქტიკა 12 მილიარდ წელიწადზე მეტისაა; დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 500-700 მილიონი წლის შემდეგ, მათი მასა ჩვენი მზისას უკვე 100-მილიარდჯერ აჭარბებდა. ამჟამინდელი მოდელების თანახმად, ეს მასა არსებობისათვისაც კი დიდია. აღმოჩენამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა სამყაროში ადრეულ გალაქტიკათა წარმოქმნის შესახებ“, — ამბობს ჯგუფის ხელმძღვანელი, ავსტრალიის სვინბერნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტრონომი ივო ლაბე.
ობიექტები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ ამოქმედებიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებულ დაკვირვებათა მონაცემებში შენიშნეს. ეს უმძლავრესი ტელესკოპი სამყაროს ინფრაწითელ დიაპაზონში სწავლობს, რომელიც ბრწყინვალეა ადრეული სამყაროდან მილიარდობით წლის წინ წამოსული სინათლის შესამჩნევად. ასეთი სინათლე უფრო გრძელ ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებად არის გაჭიმული სივრცე დროის გაფართოების მიერ.
ტელესკოპის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სივრცე-დროში იმაზე შორს გახედვა, ვიდრე ოდესმე გაუხედავს რომელიმე სხვა ინსტრუმენტს.
„ასე შორეულ სამყაროს პირველად ვუყურებთ და წარმოდგენა არ გვაქვს, რას აღმოვაჩენთ. როგორც ჩანს, აღმოვაჩინეთ რაღაც ისეთი მოულოდნელი, რომ მეცნიერებაში პრობლემას ქმნის — ადრეულ გალაქტიკათა ფორმაციის მთლიან სურათს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“, — ამბობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი ჯოელ ლეია.
ჩვენი კოსმოლოგიური მოდელების მიხედვით, სულ დასაწყისში, სამყარო რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელისგან. პირველ რიგში, დიდი აფეთქების გარიჟრაჟზე წარმოქმნილ ნაწილაკთა ცხელი „სოუსი“ პირველ რიგში საკმარისად უნდა გაციებულიყო, რათა ატომებად შერწყმულიყო, სივრცის მოცულობა ძირითადად წყალბადითა და ჰელიუმით აევსო. სწორედ ამ აირიდან დაიწყო წარმოქმნა პირველმა ვარსკვლავებმა და გალაქტიკებმა, დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 150 მილიონი წლის შემდეგ.
ჩვენი სამყაროს ისტორიის ამ პერიოდის დაკვირვებადი მტკიცებულებების მოპოვება რთულია, მაგრამ ქრონოლოგიას მტკიცედ უჭერს მხარს ის მტკიცებულებები, რაც გვაქვს. ეს ქრონოლოგია მიუთითებს, რომ დიდი აფეთქებიდან 500-700 მილიონი წლის შემდეგი პერიოდში გალაქტიკები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში უნდა ყოფილიყვნენ.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ წარმოადგენს პრობლემას ეს სრულად ჩამოყალიბებული გალაქტიკები. ერთი ის არის, რომ დღევანდელ უდიდეს გალაქტიკებში მატერიის სიმკვრივე დიდად აჭარბებს დროის იმ პერიოდის შეფასებებს. მეორე ის, რომ ნორმალური მატერიის სიმკვრივე წინააღმდეგობაში მოდის ამ გალაქტიკათა ჰალოებში ბნელი მატერიის წინააღმდეგობასთან.
თანამედროვე კოსმოლოგიით ამ ობიექტთა ახსნა იმდენად რთულია, რომ მკვლევართა ჯგუფი ძირითადად შეცდომების გასწორებით იყო დაკავებული. სხვათა შორის, მონაცემები და ჯგუფის ინტერპრეტაციები მაინც სოლიდური რჩებოდა, რაც მიუთითებდა ერთ ან ორ შეცდომაზე: ჩვენი წარმოდგენა კოსმოლოგიაზე ან ჩვენი წარმოდგენა ადრეულ სამყაროში გალაქტიკათა წარმოქმნის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგები მიუთითებს მნიშვნელოვანი გადახედვის საჭიროებაზე.
„იმის დადგენა, რომ მასიურ გალაქტიკათა წარმოქმნა სამყაროს ისტორიის ძლიერ ადრეულ პერიოდში დაიწყო, არღვევს იმას, რაც ბევრ ჩვენგანს ეგონა, რომ კარგად იყო დამკვიდრებული მეცნიერებაში. ამ ობიექტებს არაფორმალურად ვუწოდეთ ‘სამყაროს დამრღვევები’ და სხვათა შორის, ამ სახელს ამართლებენ კიდეც“, — ამბობს ლეია.
არ არის გამორიცხული, რომ ეს ობიექტები სინამდვილეში არა გალაქტიკები, არამედ რაღაც სხვა იყოს. მაგალითად, სუპერმასიურ შავ ხვრელთა ისეთი ტიპი, რომელიც ჯერ არ გვინახავს. თუნდაც ასე იყოს, ერთ ადგილას კონცენტრირებული ამხელა მასა ასე ადრეულ სამყაროში, მაინც რთული ასახსნელი იქნება. ეს კი უკვე უნდა ნიშნავდეს შავ ხვრელთა შესახებ ჩვენი წარმოდგენის გადახედვის საჭიროებას.
ამ სახის ერთი ობიექტის არსებობაც კი საკმარისად ძნელი ასახსნელი იქნებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ექვსზე. დამატებითი კვლევებია საჭირო, რათა საბოლოოდ დავადგინოთ, რას ვხედავთ იქ.
შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ კანდიდატ გალაქტიკათა სპექტრის შეგროვება, რაც უფრო დეტალურად გამოავლენს მათ ბუნებას, მანძილს და ზომებს და იმედია, რაღაცას გვეტყვის მათი ქიმიური შემადგენლობის შესახებაც.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.