ჯეიმს აპატურაი - საქართველოსთან გვაქვს ისეთი რეგულარული პოლიტიკური დიალოგი, როგორიც ვერავის წარმოედგინა
ნატო-სა და საქართველოს შორის დიალოგი არის უფრო ფართო და ღრმა, ვიდრე ნატო-ს სხვა რომელიმე არაწევრ სახელმწიფოსთან, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ჯეიმს აპატურაიმ ნატო-საქართველოს 10-წლიანი თანამშრომლობა შეაჯამა.
„ათი წელი გავიდა ნატო-საქართველოს კომისიის შექმნიდან. კარგი დროა ანალიზის გასაკეთებლად. პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებზე ვისაუბროთ. საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს გაცილებით გამოცდილი, კარგად გაწვრთნილი, კარგად აღჭურვილი და უფრო თავსებადია, ვიდრე 10 წლის წინ. ისინი გამოიყურებიან ისე, როგორც კანადელები, ამერიკელები ან ფრანგები. 10 წლის წინ ასე არ იყო“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მისი თქმით, თავდაცვის სფეროში ნატო-ს მხარდაჭერით საქართველოს მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა უდიდესი დახმარება გაუწია საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და გაზარდა მათი უნარი, მისია შეესრულებინათ.
„ახლა ჩვენ საქართველოსთან გვაქვს ისეთი რეგულარული პოლიტიკური დიალოგი, როგორიც ვერავის წარმოედგინა. როგორც ვხედავ, ნატო-სა და საქართველოს შორის დიალოგი არის უფრო ფართო და ღრმა, ვიდრე ნატო-ს სხვა რომელიმე არაწევრ სახელმწიფოსთან. გვაქვს უწყვეტი ვიზიტები, ნატო-ს წვრთნები საქართველოში, პრაქტიკული თანამშრომლობა, თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ უფრო მეტი ნატოა საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატო-ში“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.