ჯეიმს აპატურაი - ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის განახლებას თუ შევძლებთ, ცხადია, ჩვეულ თანამშრომლობას არ დავუბრუნდებით
ქართველები უახლოეს ხანში იხილავენ რუსეთის სამხედრო წვრთნებს „ზაპადს“, რომელსაც მოსკოვი რამდენიმე წელიწადში ერთხელ ატარებს. გვინდა, რომ რუსეთმა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორი იქნება ეს წვრთნები, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მან ნატო-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის მუშაობა განახლდება, ეს არ იქნება ჩვეული თანამშრომლობა.
„მინდა, გავმიჯნო ის, რაც ნატო-ს აკავშირებდა რუსეთთან და რაც ახლა გვაქვს. როდესაც ნატო-ში მუშაობა დავიწყე, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით რუსეთთან. ეს ვიცი, რადგან ამ საქმეში ჩართული ვიყავი. გვქონდა ოპერაციული თანამშრომლობა, ვმუშაობდით ანტიტერორისტულ ტექნოლოგიებზე, ასევე ანტინარკოტიკულ ტრენინგებზე და თვეში ერთხელ ვატარებდით ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას. ყველაფერი ეს გაქრა. ახლა საერთოდ არ ვმუშაობთ რუსეთთან. როდესაც და თუ შევძლებთ ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის განახლებას, ცხადია, რომ ჩვეულ თანამშრომლობას არ დავუბრუნდებით. თუმცა, ყველა მოკავშირე გრძნობს, რომ რუსეთთან დიალოგი, მაშინაც კი თუ საქმე კარგად არ მიდის, როდესაც რუსეთი არღვევს კანონებსა და ნორმებს, ევროპის დესტაბილიზაციას ახდენს, მაინც სასარგებლოა თუნდაც აზრების გაცვლა, რათა ჩვენ გამოვხატოთ შეშფოთება რუსეთის ქცევასთან დაკავშირებით და ასევე პოტენციურად ვიმუშაოთ საფრთხეების შემცირებაზე, გამჭვირვალობაზე, როდესაც საქმე გვაქვს სამხედრო მანევრებთან. ქართველები უახლოეს ხანში იხილავენ რუსეთის სამხედრო წვრთნებს „ზაპადს“, რომელსაც მოსკოვი რამდენიმე წელიწადში ერთხელ ატარებს. გვინდა, რომ რუსეთმა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორი იქნება ეს წვრთნები. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რუსეთისთვის, რათა ადგილი არ ჰქონდეს გაუთვალისწინებელ რეაქციას და ცხადია, ჩვენ გავაცნობთ რუსეთს, ნატოს ერთ-ერთი წვრთნის დეტალებს“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიამ.