ჯეიმს აპატურაი - მოხარულნი ვართ, ვიყოთ პლატფორმა, რომ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებაში დავეხმაროთ
ჯეიმს აპატურაი - მოხარულნი ვართ, ვიყოთ პლატფორმა, რომ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებაში დავეხმაროთ

მოხარულნი ვართ, რომ მივიღეთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ინიციატივის რა ელემენტების განხორციელებაშია საჭირო დახმარება და როგორ შეიძლება ნატო, როგორც პლატფორმა, გამოვიყენოთ კომუნიკაციისთვის, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ჯეიმს აპატურაიმ ბრიუსელში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის და განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა გააცნო.

„სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა შესანიშნავი საქმე გააკეთა. მან ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივაზე და მაგიდის გარშემო მყოფი ელჩების მხრიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას ნატო-ს სამიტზე დაუჭირეს მხარი. სხდომაზე მინისტრმა სამშვიდობო ინიციატივის შემადგენელი ნაწილები ძალიან კარგად ახსნა. მან ნატო-ს გენერალური მდივნისა და წევრი ქვეყნებისთვის ინიციატივის გაადამიანურება მოახდინა. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე, არსებული მდგომარეობის გავლენაზე ადამიანებზე, მკვლელობებზე, მათ დაუსჯელობაზე, ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა, გაყოფილ საზოგადოებაზე, იძულებით გადაადგილებულ პირებზე, განათლების მიღების უფლების შეზღუდვაზე“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, ქეთევან ციხელაშვილმა გააჟღერა პოზიტიური გზავნილიც, რომ გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ხალხთა შორის კონტაქტი.

„მოკავშირეები დიდი ინტერესით ისმენდნენ და მიღებული ინფორმაცია დაეხმარა მათ იმის გაგებაში, თუ რა ხდება ადგილზე. ეს იყო მთავარი მიზანი“, – აღნიშნა აპატურაიმ.

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ.

„ინფორმაცია, გულწრფელად რომ ვთქვათ, არ არის გამამხნევებელი, მაგრამ წევრმა ქვეყნებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ დიდად აფასებენ საქართველოს მცდელობას. დარბაზში მყოფთაგან ყველამ თქვა ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ ნატო არასდროს აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად საქართველოს რეგიონებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო ინიციატივის განსახორციელებლად საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, ნატო-ს არ აქვს ფონდები, მაგრამ შეუძლია პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა და ამას აკეთებს კიდეც.

„ჩვენი ოფისიც გააკეთებს მაქსიმუმს საკუთარი მანდატის ფარგლებში, რათა დაეხმაროს მთავრობას. ვფიქრობ, ინდივიდუალური წევრები გაუწევენ საქართველოს ფინანსურ დახმარებას. მოხარულნი ვართ, რომ მივიღეთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ინიციატივის რა ელემენტების განხორციელებაშია საჭირო დახმარება და როგორ შეიძლება ნატო, როგორც პლატფორმა, გამოვიყენოთ კომუნიკაციისთვის. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ვიყოთ პლატფორმა, რათა ამ ინიციატივის განხორციელების პროცესში დაგეხმაროთ“, – დასძინა აპატურაიმ.

მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში გუშინ გაიმართა.