ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი გადაწყვეტილია და განხილვას არ ექვემდებარება
ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი გადაწყვეტილია და განხილვას არ ექვემდებარება

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი გადაწყვეტილია და განხილვას არ ექვემდებარება. ამის შესახებ მან cbsnews-ის ეთერში განაცხადა.

სალივანის თქმით, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე უკრაინას მიეცა გარანტია, რომ მას ექნება საჭირო მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.

„დიახ, ჩვენ ძალიან მარტივად ვთქვით, უკრაინის მომავალი ნატო-შია. ეს სერიოზულია. ეს არ არის მოლაპარაკება, ეს არის ის, რისი ვალდებულებაც ნატო-ს 31-მა წევრმა აიღო“, – განაცხადა სალივანმა.

სალივანმა ასევე აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების პროგრესი კონტრშეტევის დროს და თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ რუსეთის დასუსტებისთვის.

ამავდროულად, სალივანის განმარტებით, დასავლეთი მუშაობს რუსეთის ფედერაციაზე სანქციების ზეწოლის გაძლიერების მიმართულებით, რაც ასუსტებს მის სამხედრო-სამრეწველო ბაზას. როგორც ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ ომის გაგრძელება რუსეთს ძვირად დაუჯდება.