ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2022 წელს გაწეულ საქმიანობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზურაბ აზარაშვილმა სხდომაზე ოთხ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, დევნილებისა და შრომის მიმართულებებით ახორციელებს საქმიანობებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა სფეროში დაწყებულია მნიშვნელოვანი რეფორმები. მისი თქმით, ქვეყნის ისტორიაში პირველად დაამტკიცეს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც 2022-2030 წლებზეა გათვლილი და ასახავს ქვეყანაში ჯანმრთელობის სისტემის განვითარების ხედვას და განსაზღვრავს ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან მიმართებით.

„ამ სტრატეგიაში მკაფიოდ არის გაწერილი ყველა ის საკითხი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას და მოსახლეობისათვის ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას“, – აღნიშნა მინისტრმა.

მომხსენებლის ინფორმაციით, გასული წლის 1 ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის გადახდის ახალი  სისტემა დაინერგა, რომელიც მსოფლიოში კარგად აპრობირებულია და DRG სისტემის სახელით არის ცნობილი; დიაბეტიანი ბავშვებისათვის შეძენილია გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები; დაწესდა ექიმებისა და ექთნებისათვის ხელფასების მინიმალური ზღვარი; ძალაში შევიდა მედიკამენტების წარმოების ხარისხის სისტემა; მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა; სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურში დაინერგა ელექტრონული გადამისამართების სისტემა, გააქტიურდა პარამედიკოსების სერვისი და ა.შ.

მან ასევე ისაუბრა დევნილთა, სოციალური მომსახურებისა და შრომითი ურთიერთობების კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე და კომიტეტის წევრებს წელს დაგეგმილ აქტივობებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

„ბოლო წლებში სამინისტრომ მნიშვნელოვან გამოწვევებს უპასუხა. მინისტრი უკვე ერთი წელია, ხელმძღვანელობს უწყებას და ამ სფეროში განხორციელებული რეფორმები უკვე ხელშესახებია: DRG სისტემა, რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე, სოციალური საკითხები, დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილება და ასე შემდეგ. 2023 წელს საპენსიო მატება აქვს ყველა სოციალურ ჯგუფს, მათ შორის წელს კიდევ მოსალოდნელია სოციალურად დაუცველი ბავშვების ანაზღაურების ზრდა. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პარლამენტისა და სამინისტროს კონსტრუქციული თანამშრომლობით, ჩვენი მოსახლეობის სასიკეთოდ კიდევ არაერთ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.

კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანგარიში ცნობად მიიღო.

სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ, რომელიც კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ გააცნო.

კომიტეტმა ანგარიში ცნობად მიიღო.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.