ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „IDS ბორჯომში“ შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, უწყება პროცესებში აქტიურად ჩაერთო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „IDS ბორჯომი საქართველოში“ შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში აქტიურად ჩაერთო, – ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით, შეხვედრები გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება, მათი ინტერესები იყოს სრულად გათვალისწინებული და აღდგეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების სრულფასოვანი ფუნქციონირება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
„IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების სრულმასშტაბიანი პიკეტირება დაიწყეს. თანამშრომლებს შესასვლელები სრულად გადაკეტილი აქვთ. ამასთან, „IDS ბორჯომმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის ანგარიშები გაყინულია, ამის გამო კომპანიას შეზღუდული აქვს ფინანსური რესურსი და უპირველესად იმ თანამშრომლების ანაზღაურება ირიცხება, რომლებიც ამ ეტაპზე წარმოების პროცესში არიან ჩართული.