„IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების პიკეტირება დაიწყეს
„IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების პიკეტირება დაიწყეს

„IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების სრულმასშტაბიანი პიკეტირება დაიწყეს. თანამშრომლებს შესასვლელები სრულად გადაკეტილი აქვთ.

გაფიცული თანამშრომლები აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„IDS ბორჯომი საქართველოს“ ადმინისტრაცია პროვოკაციისა და მშრომელთა დაპირისპირების მიზნით, საქართველოს რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან, რომლებსაც ჰპირდებიან სამ-ოთხჯერ მეტ ხელფასს, აორგანიზებს ბორჯომის ქარხნის თანამშრომელთა ჩანაცვლებას. კომპანია მზად არის, უფრო მეტი ხელფასი გადაუხადოს სხვა დასაქმებულებს და საკუთარ თანამშრომლებს დასჯის მიზნით, არ აუნაზღაუროს ნამუშევარი ორი თვის ხელფასი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გაფიცულთა გადაწყვეტილებით, ხელფასების დარიცხვამდე, 50 უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანის, ვადიან ხელშეკრულებაზე მყოფი დასაქმებულების, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნების, სტაჟიორებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების უვადო ხელშეკრულებაზე გადასვლამდე, მოხდება ბორჯომის 1-2 ქარხნის შესასვლელების სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი პიკეტირება.

აღნიშნული გადაწყვეტილება „IDS ბორჯომი საქართველოს“ მიერ ემსახურება ესკალაციის ხელოვნურად გამოწვევას და სრულ პასუხისმგებლობას განვითარებულ მოვლენებზე ვაკისრებთ როგორც კომპანიას, ასევე საქართველოს მთავრობას, რადგან ხელისუფლების მიერ არაფერი გაკეთებულა შექმნილი ვითარების დეესკალაციისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.