ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 150 გეგმური ინსპექტირება განხორციელდა, დაჯარიმდა 33 რესტორანი და 18 ბაზარი
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 150-მდე გეგმური ინსპექტირება განხორციელდა, მათგან 33 რესტორანი და 18 ბაზარი დაჯარიმდა.
„შემოწმდა, როგორ იცავს ესა თუ ის კომპანია უსაფრთხოების წესებს. მათგან გეგმიურად შემოწმდა 91 რესტორანი და 33 დაჯარიმდა. ამ კუთხით დინამიკა საკმაოდ დადებითია, ვინაიდან პირველ დღეებში, როდესაც ჩვენ დავიწყეთ რესტორნების შემოწმება, სურათი გაცილებით რთული იყო. რაც შეეხება ბაზრობებს და სხვადასხვა ტიპის ობიექტებს, აქაც მიმდინარეობს გეგმიური მონიტორინგი. 27 ბაზარია შემოწმებული, ხოლო 18 მათგანი დაჯარიმდა. აქ გამოწვევები არსებობს, თუმცა დადებითია დინამიკა, რომელიც ბოლო დღეებში ფიქსირდება. ჯამში, დაჯარიმებულია 61 ობიექტი. შემოწმება ხორციელდება რისკის სიდიდის და ალბათობის მიხედვით. შესაბამისად, ამ ეტაპზე განსაზღვრული იყო, რომ გეგმიური ინსპექტირებები რისკის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო კვების ობიექტებზე, ბაზრებზე, ასევე სხვადასხვა არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობაზე. ცხრა ასეთი სუბიექტი დაჯარიმდა. რაც შეეხება სხვა ტიპის ეკონომიკურ საქმიანობებს, რომლებიც ნებადართულია, ეტაპობრივად, რისკის შეფასების საფუძველზე მოხდება თითოეული მათგანის შემოწმება“,- განაცხადა ფერაძემ.
მისივე თქმით, ჯარიმის ოდენობა განსაზღვრულია 10 000 ლარით იურიდიული პირისთვის, ხოლო ფიზიკური პირისთვის 2000 ლარით.