ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - ვირუსის გავრცელების შემცირების კუთხით საქართველოში კარგი პროგრესი ვნახეთ, მიმდინარეობს ეტაპობრივი გახსნა, ეს ფრთხილად უნდა გაკეთდეს
კორონავირუსის გავრცელების შემცირების კუთხით მართლაც კარგი პროგრესი ვნახეთ საქართველოში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა, კეტრინ სმოლვუდმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნოემბერ-დეკემბრის პიკის შემდეგ, საქართველოს გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა რეგიონში, ახლა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქვს. ეს ნამდვილად კარგი ამბავია. არის ეტაპობრივი გახსნა ბიზნესის, სკოლების, მუზეუმების. ჩვენი მესიჯი იქნება, რომ ეს ყველაფერი ფრთხილად, გავრცელების მონაცემებზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს. გვესმის, რომ არსებობს ვირუსის საეჭვო ვარიანტის რამდენიმე შემთხვევა, რაც არ არის მოულოდნელი. სამწუხაროდ, ეს გაგრძელდება. ახლა დროა, საბაზისო პრინციპები შეასრულოთ, გაზარდოთ ტესტირება. აუცილებელია, საეჭვო შემთხვევებისა და კონტაქტების კარანტინში გაშვება, რათა გაგრძელდეს ის კარგი საქმე, რასაც აკეთებთ“, – განაცხადა კეტრინ სმოლვუდმა.